ყვარლის საქმე

„ფილტვი მტკივა, ნეკნიც დაზიანებული მაქვს, დავიღალე...“ - რას ჰყვება კაცი, რომელსაც ყვარლის ტყეში გაუსწორდნენ

ყვარლის ტყეში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. 

68 წლის კაცი ამბობს, რომ ფილტვი და ნეკნი აქვს დაზიანებული. 

„ფილტვი მტკივა, ნეკნიც დაზიანებული მაქვს, ნერვები აღარ მაქვს, დავიღალე... დავიღალე...

სადაც მითხრეს მოდიო, იქ მივედი, არაყი წამოიყოლე და დავლიოთ პურ-მარილი ჩვენიო, 8000 მაინც მოიტანე თორე ვიტყვით ყველაფერსო, არ დავნებდი და მითაქეს და მითაქეს. 

პატარა ფეხებში მებღაუჭებოდა, მეორე მახრჩობდა, ამბობდა უნდა დავახრჩო ბარემო. იმ პატარამ არ ქნა, არ მიუშვა. როგორც იქნა გამოვაღწიე, გამოვედი გზაზე. დამხვდა ისევ, გამოვარდა დიდი ბიჭი მითაქა ერთი ორი კიდევ, იბიჭა. ფული და ფეხსაცმელი წამართვეს, ჩემი ჩაიცვა და თავისი ჩუსტები მომცა“, - ამბობს 68 წლის კაცი „იმედის კვირასთან“ საუბრისას.  

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 26 და 27 ივნისს დააკავეს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად), 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ მუხლებით (ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად) და 144 მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ესე იგი პირის დამცირება და იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით სხვა შეხედულებების გამო, ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.