17 წელი მიუსაჯეს მამაკაცს, რომელმაც “დირსში“ ერთი ოჯახის ოთხი წევრი დაჭრა, მათ შორის, ერთი სასიკვდილოდ

დირსის მკვლელობის საქმე

„დირსის" საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებული გრიგოლ დოჩია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა. გრიგოლ დოჩია წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებოდა. მისი ადვოკატების განმარტებით, დოჩია აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ კომპლექს "დირსთან" მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე სამართალდამცავებმა 38 წელის მამაკაცი, გრიგოლ დოჩია დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა პირმა ცივი იარაღით ჭრილობა 4 პირს, მათ შორის, არასრულწლოვანს მიაყენა, რის შემდეგადაც მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ერთი პირი - არასრულწლოვნის მამა გარდაიცვალა. 2 დაჭრილი და გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრები არიან, მეოთხე პირი კი, მეზობელია. დოჩიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლის მეორე მაწილის "ბ"და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, ასევე, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის და ორზე მეტი პირის მკვლელობის მცდელობასა და იძულებას გულისხმობს.