ვეცდებით, ოპონირება გავწიოთ, რათა რეალურ შედეგებზე გავიდეს კომისიის მუშაობა - ტატა ხვედელიანი ფასების დარეგულირებაზე

ტატა ხვედელიანი

 ქართულ ბაზარზე ფასების დარეგულირების საკითხს, სამთავრობო გუნდის პარალელურად, საპარლამენტო კომისია შეისწავლის. პლენარულ სხდომაზე კომისიის შექმნას კანონმდებლები კენჭს დღეს უყრიან.

სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებული დადგენილების პროექტი ბიუროს გუშინ უკვე წარედგინა. მანდატის ფარგლებში, საპარლამენტო შემადგენლობა, კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. სწორედ ბიზნესთან ერთად იმსჯელებენ დეპუტატები, რა ფორმით და როდის უნდა მოხდეს ფასების შემცირება შიდა ბაზარზე.

14-კაციან კომისიაში 7 მანდატი ოპოზიციისაა, რომელიც აპირებს, აქტიურად ჩაერთოს პროცესში.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მთავარია გრძელვადიანი ეფექტის მიღება და ფასების ამ მიმართულებით დარეგულირება.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, მათი პოლიტიკური გუნდი აქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ კომისია რეალურ შედეგებზე გავიდეს.

"თუ არსებობს იმის შანსი, რომ მოქალაქეებისთვის შეიცვალოს არსებული ვითარება, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას. წარმოდგენილები ვიქნებით კომისიაში, სადაც ვეცდებით, ოპონირება გავწიოთ, რათა რეალურ შედეგებზე გავიდეს კომისიის მუშაობა", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.