"უნდა ვიცოდეთ, ვინ რას აკეთებს საქართველოში, რა პროფესიებია დეფიციტური, სად გვჭირდება ხალხი" - გიორგი ცაგარეიშვილი

giorgi cagareishvili

 შრომითი მიგრაციის კანონში" ცვლილებებზე დამატებით განმარტებებს აკეთებენ შესაბამის სტრუქტურებში.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ბაზრის ტენდენციების შესწავლა და ინფორმაციის მიღება დეფიციტური პროფესიების შესახებ.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ხელი შესაბამის დადგენილებას, რითაც დაწესდა განსხვავებული თამაშის წესები იმასთან შედარებით, რაც აქამდე იყო ამ სფეროში. ვფიქრობთ, გადამწყვეტი მნიშვნელობის ნაბიჯი იყო გადადგმული, როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში.

უნდა ვიცოდეთ, შრომითი ბაზრის ტენდენციები, უნდა ვიცოდეთ, ვინ რას აკეთებს საქართველოში, რა პროფესიები არის დეფიციტური, სად გვჭირდება ხალხი, მათ შორის, რა თქმა უნდა, უცხოელებიც", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

ამასთან, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე, გიორგი ბუნტური, დეტალურად განმარტავს უცხოელების დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

"აღნიშნული კანონი ითვალისწინებს ორ გარდამავალ განსხვავებულ პერიოდს:

პირველი - ის უცხოელები, რომლებიც საქართველოში რეგისტრირებულნი არიან შრომითი მიგრაციის ელექტრონულ სისტემაში და, პირველი მარტის მდგომარეობით, კვლავ ექნებათ აქტიური სტატუსი. ისინი შეძლებენ, ამ სტატუსის ამოწურვამდე გააგრძელონ საქართველოში მუშაობა, სპეციალური ნებართვის გარეშე.

მეორე გარდამავალი პერიოდი, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, არის მიმდინარე წლის პირველ მაისამდე პერიოდი, რომელიც შეეხება საქართველოში იმ თვითდასაქმებულ უცხოელებს, რომლებიც საქართველოში რაიმე ფორმით სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ. მიუხედავად იმისა, რომ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება პირველი მარტიდან უჩნდებათ მათთან მიმართებაში იმოქმედებს ორთვიანი გარდამავალი პერიოდი", - განაცხადა გიორგი ბუნტურმა.