შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
1759562688
საქართველოს მასშტაბით, ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია, კენჭისყრა დაწყებულია. საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს.
„საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია. დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა. დილის 08:00 საათზე დაიწყო კენჭისყრა.
დღეს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს.
ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 000 – მდე ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 60 754 ამომრჩეველია. არჩევნების ადმინისტრირებას განახორციელებს 34 000-მდე საარჩევნო ადმინისტრატორი.
აქვე, შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩევლებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედი მოწმობა ან პასპორტი“, – აღნიშნა იოსელიანმა.
მისივე თქმით, ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 061 საარჩევნო უბანი ემსახურება, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, ხოლო 777 უბანზე კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.
ამასთან, საარჩევნო პროცესს აკვირდება 28 საერთაშორისო ორგანიზაციის 80-ზე მეტი დამკვირვებელი, 27 ადგილობრივი ორგანიზაციის 8 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს აშუქებს 73 მედია ორგანიზაციის 1000-მდე წარმომადგენელი.
ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად არის მზად კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება არჩევნებს.
ცესკო-ს პრესსპიკერმა ამომრჩეველს ინფორმაცია მიაწოდა ასევე კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რომ ჭრილის საფარი არჩევნებზე წელს პირველად გამოიყენება.
„აქვე, შეგახსენებთ კენჭისყრის პროცედურებს – იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელიც დაყოფილია სამ სვეტად. საარჩევნო ბიულეტენთან ერთად, რეგისტრატორი ამომრჩეველს გადასცემს შესაბამისი ფორმის სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს. ელექტრონულ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით თითოეულ სვეტში უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის წინ არსებული წრის შიდა სივრცე და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ბიულეტენი მოათავსოს ხმის მთვლელ აპარატში ჭრილის საფარის ქვეშ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჭრილის საფარი არჩევნებზე წელს პირველად გამოიყენება.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. ხმის მიცემა ფარულია. კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება კი აკრძალულია“, – განაცხადა იოსელიანმა.
ცესკო-ს პრესსპიკერმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.
„არჩევნები საერთო საქმეა და სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მოვიდნენ არჩევნებზე, ასევე მივმართავთ ჩართულ მხარეებს – რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას – ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას.
დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა.