თორნიკე ჭეიშვილი კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოწოდების დასჯადობის ინციატივაზე: საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, რომ ეს არ არის ახალი სიტყვა და მექანიზმი. გერმანული მაგალითი არაერთხელ იყო ამ დღეების განმავლობაში გაჟღერებული

თორნიკე ჭეიშვილი

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოწოდებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა.

ჭეიშვილის განცხადებით, უპრიანი იქნებოდა, თუ იარსებებს ანონმდებლობაში და ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსში ნორმა, მექანიზმი, რომელიც შეეხება საჯარო მოწოდებას იმისკენ, რომ მოხდეს არაღიარება კონსტიტუციური ორგანოების, კონსტიტუციური წესრიგის, სახელმწიფოებრიობის.

დეპუტატი განმარტავს, რომ საბოლოო ჯამში მსგავსი ქმედებები არის წინააღმდეგობრივი ხასიათის მატარებელი.

„უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ამ დათქმას და ამ დათქმით შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის მიღებას პირველი მოსმენით. დანარჩენი - ის, თუ როგორ გაფორმდება ეს ყველაფერი ნორმატიულად, სამართლის ენაზე, არის უკვე მორიგი პროცედურა, მორიგი მოსმენის ფარგლებში განსახილველი საკითხი.

რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება, დაედოს ასეთი ტიპის ნორმატიული ფორმულირების მომზადებას საფუძვლად რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ იყოს დაცული გონივრული ბალანსი. ეს ბალანსი უნდა იყოს ერთი მხრივ იმ უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით, რომელსაც ეწოდება სწორედაც კონსტიტუციური წესრიგის, დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა, დემოკრატიის პრინციპი სათანადო უზრუნველყოფა, და მეორე მხრივ იმ ძირითად უფლებას შორის, რომელსაც ეწოდება გამოხატვის თავისუფლება იმიტომ, რომ ოპონენტები აბსოლუტურად მანიპულაციურად და მიზანმიმართულად ცდილობენ, გარკვეული არასწორი აღქმების ტირაჟირებას, რომ ეს არის აღმართული ხელი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.

თუმცა, რეალურად ეს ასე არ და ვერ იქნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იქნება სათანადო ანალიზი განხორციელებული კონსტიტუციურ სტანდარტებთან მიმართებით უფლებრივ კონტექსტში”, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

მისი შეფასებით, ამ თემაზე აჟიოტაჟი ატეხეს გარკვეულმა, პოლიტიკურად მოტივირებულმა ჯგუფებმა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ნებსით თუ უნებლიედ არიან ექსტრემისტული, ძალადობრივი პროცესების წამხალისებლები და მონაწილეები.

„მათ ჭიქაში ქარიშხალი შექმნეს ამ ამბიდან. ასე რომ, ამ საკითხთან მიმართებით დისკუსია წინ არის და მთელი მმართველი გუნდი მოწოდებულია იმისკენ, რომ იმგვარი ფორმულირება იყოს მიღებული, რომელიც იქნება სრულ შესატყვისობაში ლეგიტიმური მიზნის მიღწევასთან”, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

მან აქვე საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითებიც მოიყვანა.

„საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, რომ ეს არ არის ახალი სიტყვა და მექანიზმი. გერმანული მაგალითი არაერთხელ იყო ამ დღეების განმავლობაში გაჟღერებული, როცა მსგავსი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოძრაობების აკრძალვა მომხდარა, როცა ისინი პირდაპირ უპირისპირდებოდნენ ლეგიტიმურად არჩეულ კონსტიტუციურ ორგანოებს, არ აღიარებდნენ მათ, ალტერნატიული ხელისუფლების ორგანოების შექმნა უნდოდათ”, - განაცხადა დეპუტატმა.

კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოწოდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება - პარლამენტი ინიციატივას მეორე მოსმენით განიხილავს.