ძლიერი დაკვამლიანება ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ბიზნესცენტრის შენობაში - რა ვითარებაა ადგილზე
1793793792
ყირგიზეთის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხის კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო გააგრძელებს ყირგიზეთის მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებში.
„ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს. ზაფხულში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი ვიზიტით იმყოფებოდა ყირგიზეთში და ველოდებით ყირგიზეთის პრეზიდენტის საპასუხო ვიზიტს მომავალ წელს. გვქონდა საუბარი იმ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხის კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს. დაგეგმილია ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობა, რომელიც შუა დერეფნის შემადგენელი ნაწილი იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შუა დერეფნის გამტარუნარიანობა გაიზარდოს. გაიზარდოს ინტერესი შუა დერეფნის მიმართ. საუბარი შეეხო ანაკლიის პორტს, რომელიც ლენდლორდის პრინციპით შენდება. სახელმწიფო თავად აშენებს პორტს და შემდეგ სხვა სუბიექტებსა შეეძლებათ იჯარით აიღონ შესაბამისი ტერიტორია პორტში. ამ მხრივ, დარწმუნებული ვარ, ყირგიზეთს ექნება ინტერესი. გვქონდა საუბარი საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთის მხარდამჭერი თანამშრომლობის შესახებ. ცოტა ხნის წინ, ყირგიზეთი აირჩიეს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად და ჩვენი მხარდაჭერა ჰქონდა ამ არჩევნებში. სხვა ორგანიზაციებშიც ვაპირებთ მსგავსი სულისკვეთებით თანამშრომლობას. საპარლამენტო თანამშრომლობაზე გვქონდა საუბარი, მათ შორის რეგიონული მიმართულებით. არის ინტერესი ჩვენი მხრიდან, რომ იყოს ფორმატები, სადაც ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა, პარლამენტები და პარლამენტის თავმჯდომარეები იქნებიან ჩართული და შესაძლებლობა გვექნება, სასარგებლო საკითხების განვიხილოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.