სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი

 შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების, ასევე ნარკოტიკული საშუალების  უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

"სამართალდამცველებმა, საბაჟო გამშვები პუნქტის "სარფი" ტერიტორიაზე, ბრალდებულების პირადი და ხელბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ფსიქოტროპული ნივთიერებები და ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 93 კაფსულა ე.წ. ლირიკა, „ფსევდოეფედრინის“ შემცველი 72 აბი და 62 აბი „ტრამადოლი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

✕