საქართველოში ვიზიტით მყოფი შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა პრეზიდენტს შეხვდა

შვედეთის პრინცესა

საქართველოს შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა სტუმრობს. პრინცესა ვიქტორიას საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა შვედეთის პრინცესას ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა.

ვიზიტი ხორციელდება ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, 2023 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში.

საქართველოში ვიზიტით, პრინცესას ასევე სურს, ხაზი გაუსვას ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და პარტნიორობას. ვიზიტის შესახებ მედია ბრიფინგს დღეს შვედეთის ელჩი, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამართავენ. ცნობილია, რომ მას გვირგვინოსანი პრინცესა არ დაესწრება.

„შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის მნიშვნელობის ხაზგასმა და ევროკავშირის სამოქალაქო CSDP (ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროში მომუშავე) მისიების გაძლიერება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში არის მთავარი მაგალითი იმისა, როგორ შეუძლიათ ევროკავშირის სამოქალაქო CSDP მისიებს, დაეხმარონ სტაბილურობის უზრუნველყოფაში, უსაფრთხოების ხელშეწყობასა და ნდობის ჩამოყალიბებაში იმ ქვეყნებში, სადაც ისინი აქტიურობენ“, - აღნიშნულია შვედეთის საელჩოს ინფორმაციაში.