1733169705
საქართველო მზად არის გააგრძელოს შუამავლის ფუნქციის შესრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის - პაპუაშვილი
„საქართველო მზად არის გააგრძელოს შუამავლის ფუნქციის შესრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს მშვიდობის და თანამშრომლობის მაგალითად. იმედი მაქვს, რომ ყველას და უპირველეს ყოვლისა ჩვენს ახალგაზრდა თაობებს ვაჩვენებთ, რომ ყველაზე რთული პრობლემების წინაშეც კი, სამხრეთ კავკასიის ხალხებს შეგვიძლია ბრძნულად და ურთიერთთანამშრომლობით მშვიდობიანი მომავლის მშენებლობა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების მანძილზე, ხალხებს შორის არსებული კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ბატონი სიმონიანის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წელს სრულდება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30-ე წლისთავი. 30 წლის განმავლობაში ჩვენ ქვეყნებს შორის კავშირები და მეგობრობა გაღრმავდა, რაც მრავალი სასიკეთო შედეგის მომტანი იყო როგორც ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეებისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის. იმედი მაქვს, რომ ამ ათწლეულების განმავლობაში შევქმენით ის მყარი ფუნდამენტი, რაზეც ჩვენს მომავალ თაობებს შეეძლებათ კეთილმეზობლური და ძმური თანაცხოვრება“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა საქართველო-სომხეთის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის პარლამენტების საგარეო და კულტურის კომიტეტებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმები ხელს შეუწყობს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მდიდარი კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
„მისასალმებელია, რომ სომხეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ორი პარლამენტის საგარეო და კულტურის კომიტეტს შორის. ეს შეთანხმებები ხელს შეუწყობს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მდიდარი კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. საქართველოსა და სომხეთის და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების წარსული, აწმყო და მომავალი მტკიცედ არის გადაჯაჭვული“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთან განსაკუთრებული კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„მინდა პირადად ჩემი და სომხური დელეგაციის ყველა წევრის სახელით მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ პაპუაშვილს მოწვევისა და თბილი მიღებისთვის. საქართველოსთან განსაკუთრებული კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ძალზედ დაინტერესებული ვართ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებით. სომხურ-ქართული ისტორიული ურთიერთობა საერთო ფასეულობებზეა დამყარებული და ამას ემატება ჩვენი ქვეყნების მომავლისკენ მიმართული ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვდგამთ დემოკრატიის მიმართულებით“,- ალენ სიმონიანმა.