რა კრიტერიუმით ჩაითვლება პირი ოლიგარქად - დეოლიგარქიზაციის შესახებ დოკუმენტზე მუშაობა დასრულების ეტაპზეა

ვინ არის ოლიგარქი

ოლიგარქად პირის აღიარება უკრაინული მოდელით შექმნილმა ქართული კანონდებლობამ უნდა უზრუნველყოს. დეოლიგარქიზაციის შესახებ დოკუმენტზე მუშაობა დასრულების ეტაპზეა. პირი ოლიგარქად 4 კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში ჩაითვლება - თუ მისი ქონება 80 მილიონს გადააჭარბებს, გავლენა ექნება მედიაზე, პოლიტიკაზე და ეკონომიკურ საქმიანობაში მონოპოლიას ფლობს. ამ ჩამონათვალიდან 3-ის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირის ოლიგარქად აღიარება მოხდება და კონკრეტული აკრძალვები დაეკისრება.

დეოლიგარქიზაციაზე მომუშავე ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტი ოპოზიციის უმრავლესობას არ მოსწონს. ამბობენ, რომ სამუშაო ჯგუფს რესურსი უკრაინული კანონის კოპირებაში არ უნდა დაეხარჯა.

ვინ ჩაითვლება ოლიგარქად და ვინ არა - ეს სახელისუფლებო გუნდის მიერ მომზადებულ კანონპროექტში გაწერილმა კრიტერიუმებმა უნდა გამოავლინოს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციისგან განსხვავებით მათი მიზანი კანონის კონკრეტულ პირზე მორგება არ არის.

იმას რომ კანონში კონკრეტული სახელი და გვარი უნდა ჩაიწეროს, ამას ოპოზიცია არ უარყოფს, უფრო მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს რომ მათ მიერ შემუშავებული პროექტი სრულად განსხვავებული იქნება სახელისუფლებო გუნდის პროექტისგან და მასში კონკრეტული პირის ვინაობა იქნება ასახული.

„ქართულ ოცნებაში“ უკვე მიიღეს კითხვაზე პასუხი, რატომ არ სურს ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინული მოდელით მიღება. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური ძალების ნაწილმა საფრთხე დაინახა, რომ რეალურად ოლიგარქები სწორედ მათ რიგებში აღმოჩნდებიან.

დეოლიგარქიზაციის კანონპოექტის ქართულ მოდელს უკრაინულისგან მხოლოდ ერთი პუნქტი განასხვავებს. თუ უკრაინაში გადაწყვეტილებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო იღებს საქართველოს შემთხვევაში ასეთ ორგანოდ პარლამენტი განისაზღვრება.

წყარო: რუსთავი 2