სპეცოპერაცია „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ - რა ფარული ჩანაწერები და მტკიცებულებები დევს საქმეში
1765909931
პარლამენტმა 80 ხმით, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „საბაჟო კოდექსში“ ცვლილება, რომელიც ნარკოტიკული და სხვა აკრძალული ნივთიერებების უკანონო გადაადგილების აღკვეთის მექანიზმებს ეხება.
როგორც მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, ცვლილება ითვალისწინებს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში, პორტებსა და აეროპორტებში, ასევე საფოსტო გზავნილებისთვის გათვალისწინებულ პუნქტებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან შემდგარი ერთობლივი ჯგუფების შექმნას.
მისივე თქმით, აღნიშნული ჯგუფების მთავარი მიზანი იქნება ქვეყანაში შემომავალი და გამავალი ტვირთების კონტროლი და ყველა საეჭვო გზავნილისა თუ ტვირთის გადამოწმება.
„გარდა ამისა, შეიქმნება ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა, სადაც დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდება საეჭვო ტვირთების წინასწარ შემოწმება. კანონში ცვლილების მიზანს წარმოადგენს შეიქმნას ტვირთების კონტროლის ეფექტური სისტემა იმისათვის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული ნარკოტიკებისა და სხვა უკანონო ნივთების ტრანზიტის ზონად“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული გარკვეული მომსახურებების საფასურების ზრდას. ცვლილებები ეხება მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც სატრანსპორტო საშუალება საქართველოში დროებით გადასაადგილებლად არის შემოსული ან ქვეყნიდან ექსპორტზე/რეექსპორტზე გადის. იზრდება ტრანზიტული ნომრების გაცემის, საექსპერტო შემოწმების და შესაბამისი საბაჟო-ადმინისტრაციული დოკუმენტების მომზადების საფასურები.
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა, ავტორი კი - შინაგან საქმეთა სამინისტრო.