სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავა

სასაზღვრო პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „მაწიმის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული რ.ლ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 353 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, წინააღმდეგობა გაუწია მათ, თავს დაესხა ერთ-ერთ თანამშრომელს და სხეულზე დაზიანება მიაყენა“, – ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის გავრცელებულ ინფორმაციაში.