ზელენსკი: ვიქტორ ორბანის საარჩევნო კამპანია უკრაინის, პირადად ჩემი და ევროკავშირის მიმართ სიძულვილზეა აგებული

ზელენსკი

ვფიქრობ, უნგრელები ძალიან კარგი ხალხია და ისინი ბევრად მეტნი არიან, ვიდრე ერთი ადამიანი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიელ ბლოგერთან ინტერვიუში განაცხადა.

ინტერვიუში ზელენსკიმ ევროპაში რუსეთის გავლენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ის ერთ-ერთი უდიდესია“, რასაც კრემლი საკუთარი ნარატივების გასავრცელებლად იყენებს. ამ კონტექსტში ბლოგერმა ზელენსკის უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო კამპანიაზე ჰკითხა, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ ორბანის წინასაარჩევნო კამპანია უკრაინელებისა და ევროკავშირის მიმართ სიძულვილზეა აგებული.

„მან გადაწყვიტა თავისი წინასაარჩევნო კამპანია ააგოს უკრაინის, უკრაინელების, პირადად ჩემს, ევროკავშირისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ სიძულვილზე. ეს არის მისი საარჩევნო პროგრამა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ვიქტორ ორბანი მთელ უნგრელ ხალხს არ წარმოადგენს და არჩევნების შედეგი თავად უნგრელ ამომრჩევლებზე იქნება დამოკიდებული.

„ვფიქრობ, უნგრელები ძალიან კარგი ხალხია და ისინი ბევრად მეტნი არიან, ვიდრე ერთი ადამიანი. მაგრამ ყველაფერი მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ორბანის პარტია დამარცხდება, რის შემდეგაც, მისი თქმით, შესაძლებელი იქნება უკრაინასა და უნგრეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება.