ყველა ხარჯი დაკავშირებულია კონკრეტულ ვიზიტებთან - სააკაშვილის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ბექა ბასილაია

"მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დამადასტურებელი მტკიცებულება იმის, რომ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიმდინარეობს," - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რითაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ხარჯები არაა პირადი საჭიროებისთვის, არამედ კონკრეტულ ვიზიტებს უკავშირდება.

"ახლა დამატებით დააკისრეს, რომ პიჯაკების შეძენის ხარჯი, დონალდ ტრამპის გამასპინძლების ხარჯი და ა.შ. გადაიხადეო. ამ ხარჯების აბსოლუტური უმრავლესობა დაკავშირებულია პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციონირებასთან. არ არის ისეთი შემთხვევა, რომ პირადი საჭიროების ხარჯები იყოს, ყველა ეს ხარჯი დაკავშირებულია კონკრეტულ ვიზიტებთან. არ არის ისეთი შემთხვევა ვიღაც კერძო ვიზიტით სადღაც წავიდა და ეს ხარჯი იყოს ანაზღაურებული. ვიზაჟისტი რაზე ზრუნავს, როგორ გამოიყურებოდეს ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, ამავე კონტექსტში ჯდება ის ხარჯები, რაც ამ საქმეშია წარმოდგენილი," - განაცხადა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტში 8 მილიონ ლარზე მეტის გადახდას აკისრებს. ექსპრეზიდენტის დაცვის მხარე, მისი პარტია და რამდენიმე მედია ამ საქმეს "პიჯაკების საქმედ" მოიხსენიებს. რეალურად კი, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხოლოდ სასტუმროებსა და ბილეთებში გახარჯულია 3 მილიონამდე ლარი, კოსმეტიკურ პროცედურებზე 700 000 ლარი, კოლოსალური თანხებია დახარჯული გამაჯანსაღებელ ცენტრებში, საჩუქრებში, სამკაულებში, სააკაშვილის შვილების სწავლაში, მობილურ ტელეფონებში და ტანსაცმელში. ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი 9 მილიონ ლარამდეა.