Heritage Foundation-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობა კეთილსინდისიერების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებს და ასევე ნატო-ს და ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს - ლევან ჟორჟოლიანი

ლევან ჟორჟოლიანი

Heritage Foundation-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობა კეთილსინდისიერების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებს და ასევე ნატო-ს და ევროკავშირის 12 სახელმწიფოს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კვლევა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა - კორუფციასთან, ნეპოტიზმთან და მექრთამეობასთან ბრძოლა.

„აღნიშნული კვლევა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის კორუფციის აღქმის ინდექსი, კორუფციასთან ბრძოლა, ნეპოტიზმთან ბრძოლა, მექრთამეობასთან ბრძოლა. ამ მიმართულებით, საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ძალიან ბევრს მუშაობს და ყოველდღიურად ვხედავთ ამ ძალისხმევის შედეგებს. ასევე, მნიშვნელოვანია მთავრობის ადმინისტრაციის მანდატის გაფართოება ანტიკორუფციული ძალისხმევის ნაწილში და პოლიტიკის ნაწილში, დაემატა ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელმაც გასულ წელს, მხოლოდ 6 თვის განმავლობაში, 300 მლნ ლარი დაუზოგა სახელმწიფო ბიუჯეტს. ასევე, მნიშვნელოვნად გავაჯანსაღეთ სახელმწიფო შესყიდვების სისტემები, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ ასეთ შედეგზე გავსულიყავით. ჩვენ ვაგრძელებთ კანონმდებლობის დახვეწაზე მუშაობას, რომელმაც კიდევ უფრო კარგ შედეგზე უნდა გაგვიყვანოს ბიუჯეტის ხარჯთეფექტურობის ნაწილში,“- აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.