პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

არჩილ გორდულაძე

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 82 ხმით, 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებასა და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალ სხვა კანონპროექტებს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ცვლილებების თანახმად, ზუსტდება გრანტის ცნება და განისაზღვრება, რომ მათ შორის, გრანტად მიიჩნევა ის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებაზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ, ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

„წარმოდგენილი ინიციატივა არის იმ საკანონმდებლო ცვლილებების გაგრძელება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უკვე რამდენჯერმე განახორციელა და რომლის მთავარი მიზანიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცულობის მაღალი ხარისხის გარანტია“, - განაცხადა მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ .

მომხსენებლის განმარტებით, ორგანიზაცია, რომელიც რეგისტრირებულია უცხოეთში, მაგრამ მისი საქმიანობის არსებითი ნაწილი მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს, ვალდებული იქნება „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული წესით, გრანტის მიღებამდე შესაბამისი თანხმობა მთავრობისგან მიიღოს.

„თუ ორგანიზაცია არსებითად, საქართველოს საკითხებზე საქმიანობს, მიუხედავად იმისა, ეს ორგანიზაცია რეგისტრირებული არის საქართველოში ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში - არსებითი საქმიანობიდან გამომდინარე, ვალდებული იქნება, რომ ვიდრე გრანტს მიიღებს, მან საქართველოს მთავრობისგან მიიღოს თანხმობა. ორგანიზაცია თანხმობას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევის რისკები არ იარსებებს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი განმარტებით, გრანტად ასევე მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს, სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოს ბინადრობის მქონე პირისათვის თანხების, მატერიალურ-ტექნიკური სახსრების გადაცემა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაზე ან საზოგადოების ნაწილზე გავლენის მოპოვებას და მიმართულია პოლიტიკის შეცვლის, გატარების ან ჩამოყალიბებისკენ.

როგორც არჩილ გორდულაძემ განმარტა, საქართველოში მოქმედი უცხოური ფონდების ფილიალები და მათი წარმომადგენლებიც ვალდებულები იქნებიან, რომ მიმართონ საქართველოს მთავრობას მანამ, სანამ საკუთარი კომპანიისგან თანხებს მიიღებენ.

„ეს არ ეხება მეწარმე სუბიექტებს, მაგრამ ეხება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც არსებითად დაკავებული არიან მათ შორის, პოლიტიკური აქტივობების დაფინანსებით“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, კანონპროექტში, გარდამავალი დებულების სახით განსაზღვრულია, რომ თუ კანონის ამოქმედებამდე გაცემულია გრანტი, მათ შორის, იმ პირებისათვის, რომლებზეც კანონის ამოქმედებამდე გრანტის თაობაზე მთავრობის თანხმობის საჭიროება არ ვრცელდებოდა, ამასთან, მათ ჯერ არ დაუხარჯავთ ეს თანხები - კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში მოუწევთ საქართველოს მთავრობისგან თანხმობის მიღება.

მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილება ასევე შედის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“. ცვლილებების თანახმად, კანონპროექტით სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს (ფულის გათეთრებას) ემატება ახალი გარემოება - ეს არის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობების განხორციელების მიზნით ფულის გათეთრება, რაც გამოიწვევს 9-დან 12 წლამდე პასუხისმგებლობას.

ამავდროულად, კანონს ემატება მუხლები, რომლის მიხედვით, „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული წესის დარღვევა - მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის მიღება და გამოყენება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით.

პროექტის თანახმად, უცხოეთში ლობისტურ - პოლიტიკური საქმიანობისათვის გადახდილი თანხა ასევე გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ცვლილების თანახმად, პოლიტიკურ-პარტიული მიზნის მქონე სუბიექტის მიერ დეკლარაციის წარუდგენლობა, დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დეკლარაციაში არსებული ხარვეზის აღმოუფხვრელობა, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან 200 საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე ვადით.

ცვლილებების თანახმად, ზუსტდება პარტიულ-პოლიტიკური მიზანი და ის ფიზიკური თუ იურიდიული პირები, რომლებსაც პარტიულ-პოლიტიკური მიზანი გააჩნიათ, თანაც გაცხადებული, ვალდებული იქნებიან ზუსტად იგივე რეგულაციას დაექვემდებარონ, რასაც პოლიტიკური პარტიები ექვემდებარებიან. რაც გულისხმობს: უცხოეთიდან შემოსავლის აკრძალვას, იურიდიული პირისგან შემოწირულებების აკრძალვას და ამავდროულად, კანონით გათვალისწინებულ ვადაში შემოსულობების დეკლარირებას.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებითაა დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.

პოლიტიკური პარტიის წევრის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს.

საკანონმდებლო პაკეტით დგინდება ახალი სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. კერძოდ, როგორც არჩილ გორდულაძემ განაცხადა, მეწარმე სუბიექტის მიერ აღნიშნული ქმედება პირველ ჯერზე გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო ქმედების განმეორებითი და ყოველი შემდგომი ჩადენისას კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.