მე გაცილებით მეტი მინდა იყოს საჯარო მოხელის ანაზღაურება, გულწრფელად ვაფასებ მათ შრომას, იმედი მაქვს, რომ ხელფასის მატების ტენდენცია შენარჩუნდება - მიხეილ სარჯველაძე სოციალურ მუშაკებზე

მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სოციალური აგენტების ხელფასთან დაკავშირებით ზრდის ტენდენცია არის, თუმცა მას სურს, რომ საჯარო მოხელის ანაზღაურება უფრო მეტი და მეტი იყოს, რადგან მათი საქმიანობა ძალიან დასაფასებელია.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ "დებატების" ეთერში ჯანდაცვის ექსპერტის ანდრია ურუშაძის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ხელფასების მატება დამოკიდებულია ეკონომიკურ ზრდაზე და მან იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით მზარდი ტენდენცია გაგრძელდება.

ანდრია ურუშაძე დაინტერესდა, იგეგმება თუ არა სოციალური აგენტებისთვის სახელფასო ზრდა ან მათთვის სამსახურებრივი მანქანების გამოყოფა.

„სოც.აგენტების ხელფასთან დაკავშირებით ვიტყვი, იცით როგორია ამ მიმართულებით პოლიტიკა ზრდასთან დაკავშირებით და ტენდენცია არიას. მე ყოველთვის გაცილებით მეტი და მეტი მინდა იყოს საჯარო მოხელის ანაზღაურება, რადგან მართლა გულწრფელად ვაფასებ იმ ხალხის შრომას. ვაფასებ, რომ ხაზი გაუსვით ამას და სულერთია როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება. ფაქტია, რომ ყველა ვინც აფასებს კეთილსინდისიერი საჯარო მოხელის საქმეს, ყველა ამ განცხადებას მე ვეთანხმები და მივესალმები. მაგრამ, რაც შეეხება ხელფასის მატებას, ამ დრომდეც იყო ხელფასის მატების ტენდენცია, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რეალურადაც შენარჩუნდება იმაზე დაყრდნობით, რასაც ჰქვია ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. ეს მართლა ასეა, პირდაპირპროპორციულად აისახება მზარდი სახელფასო პოლიტიკა, რომელიც არსებობს და საბედნიეროდ, ამის შესაძლებლობას აჩენს და რეალურად ქმნის ის ეკონომიკური ზრდა და წარმატება, რომელიც ქვეყანას აქვს. თქვენ ბრძანეთ და არ შემიძლია ამას არ დავარქვა პოპულიზმი, ერთ კონტექსტში აღნიშნავთ მინისტრის სამსახურში მდგარ მანქანას და სოც აგენტისთვის ამის მიცემას. 180-ზე მეტია სოცაგენტი, რომელიც მუშაობს ამ თემაზე. დღეს მე ჩემი მანქანა რომ სოცაგენტს დავუთმო და ამით იაროს, არსებითად რამე შეიცვლება? რეალურად ეს არის უბრალო პოპულიზმი, ამას სხვა არაფერი ჰქვია", - განაცხადა მინისტრმა.