მარიამ ქვრივიშვილმა სლოვაკეთის ელჩთან ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე ისაუბრა

მარიამ ქვრივიშვილ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში სლოვაკეთის ელჩს მატიუშ ბუსოვსკის შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს და ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხო.

ყურადღება გამახვილდა თბილისის აბრეშუმის ფორუმის ფარგლებში, საქართველოსა და სლოვაკეთის მთავრობებს შორის გაფორმებულ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების იმპლემენტაციასა და ეკონომიკური კომისიის შექმნაზე.

განიხილეს ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, ლოგისტიკის, უძრავი ქონების, სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა სლოვაკეთის ბიზნეს წრეების მხრიდან საქართველოს ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში ინვესტიციის განხორციელების განსაკუთრებული ინტერესი.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება. აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება როგორც ფრენების სიხშირის, ისე მიმართულებებს ზრდას ორი ქვეყნის ქალაქებს შორის, რაც ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას, ტურისტული ნაკადების ზრდას, ასევე ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას უზრუნველყოფს.