მაკა ბოჭორიშვილი: ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან

მაკა ბოჭორიშვილი

ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

ამ წუთებში იგი ხვდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს. შეხვედრაზე მხარეები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებენ,

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილი ასევე შეხვდება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს.

„ეს არის უმაღლესი დონის შეხვედრა ადამიანის უფლებების საკითხებზე გაეროს ფორმატში, კომიტეტი მუშაობს მთელი წლის განმავლობაში. ამ დროს, მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში განიხილება ის მთავარი საკითხები, რაც მონაწილე ქვეყნებს აქვთ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

შეხვედრები მექნება როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან და ამ სტრუქტურების წარმომადგენლებთან, ასევე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, დაინტერესების შემთხვევაში, მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან და ის საკითხები, რაც უკავშირდება საქართველოსა და ევროსაბჭოს ურთიერთობებს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა შეხვედრის დაწყებამდე.