მაია ბითაძე: ჩვენი კარგი მუშაობის შედეგია ის, რომ ეუთომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა არ შედის არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგში

მაია ბითაძე

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გზავნილები „ქრონიკასთან“ შეაფასა.

„ჩვენი კარგი მუშაობის შედეგია ის, რომ ეუთომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა არ შედის არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგში. მათ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით დაგმეს სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმის ნებისმიერი მცდელობა და ასევე ხაზი გაუსვეს იმას, რომ პოლიტიკური დიალოგის ადგილი არის პარლამენტში და არა ქუჩაში რადიკალიზაციის საშუალებით“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონსმა და ასამბლეის მაღალი დონის დელეგაციამ დღეს საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტი დაასრულეს. სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია, საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარება სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის, ბოიკოტი არ შეიძლება, იყოს დიალოგისა და პოლიტიკური აქტივიზმის ალტერნატივა - ეს არის ის გზავნილები, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემაჯამებელ განცხადებაში წერია.