ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს პარტიები წარმოადგენენ ერთიან ძალას, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას", რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან და ასრულებენ უცხოელი პატრონების დავალებას - იმედი გვაქვს, ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება

ლევან მაჭავარიანი

საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის განხილვა 9 ნოემბერს გაგრძელდება. გუშინდელი პროცესი კი "ლელოს" და გახარიას პარტიის ახსნა-განმარტებებით დასრულდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ მათ სარჩელის არსი ვერ გაიგეს, რა დროსაც არსიც და შინაარსიც პლენუმის წევრებმა განუმარტეს.

ორკვირიანი განხილვების თავზე, მმართველი პარტია ოპონენტების მხრიდან არგუმენტების არარსებობაზე საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებულია, ის ძალები კი, რომლებიც წლების განმავლობაში ქვეყანაში დესტრუქციულ ქმედებებს აორგანიზებდნენ და ახდენდნენ, არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდნენ.

როგორც პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, ეს პარტიები წარმოადგენენ ერთიან ძალას, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას", რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან და ასრულებენ უცხოელი პატრონების დავალებას.

"ნაცვლად იმისა, რომ მათ რაიმე არგუმენტები დაუპირისპირონ, ჩვენს სარჩელს, ჩვენს არგუმენტებს, ისინი სარგებლობენ ტრიბუნით, რომ გააკეთონ პოლიტიკური განცხადებები და რაზეც საუბრობენ ზოგადად, იქაც იმდენი წამოცდენა ჰქონდათ, კიდევ უფრო გამყარებულია ჩვენი სარჩელის არგუმენტები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშანი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პარტიები არიან არაკონსტიტუციურები, ეს პარტიები წარმოადგენენ ერთიან ძალას, კოლექტიურ "ნაცმოძრაობას", რომლებიც იმართებიან, სამწუხაროდ, ქვეყნის გარედან და ასრულებენ თავიანთი უცხოელი პატრონების დავალებას, შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

✕