სოციალურ ქსელში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
1793442977
პოლონეთში არსებულ მწვავე პოლიტიკურ დაპირისპირებას, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ანდჯეი დუდა გამოეხმაურა.
დუდას განცხადებით, დონალდ ტუკსა და მის გუნდს პროცესების დემოკრატიული გზით მართვა არ შეუძლიათ, რის გამოც "ბანდიტთა ხროვად" იქცნენ და სახელმწიფოს საკონსტიტუციო ორგანოს თავს დაესხნენ.
"პრემიერი ტუსკი და მისი ხალხი, რომლებიც ვალებში გვახრჩობენ და ეკონომიკურად უმწეოები არიან, დღეს უბრალოდ ბანდიტთა ხროვად იქცნენ, რომლებმაც თავდასხმა განახორციელეს სახელმწიფოს საკონსტიტუციო ორგანოზე. მათ არ შეუძლიათ დემოკრატიულად, კანონის ფარგლებში მართვა, ამიტომ იყენებენ ძალას. აი, ასეთი "ევროპელები" არიან ისინი", - განაცხადა ანდჯეი დუდამ.
ცნობისთვის, პოლონეთში პოლიტიკური დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც სასამართლოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან პოლიციაა მობილიზებული.
ოპოზიცია დონალდ ტუსკის ხელისუფლებას სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეშ ჩარევასა და კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბეატა შიდლო აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ტრიბუნალის შენობა ძალის გამოყენებით დაიკავეს და მის ხელმძღვანელობას შენობაში შესვლის შესაძლებლობა შეუზღუდეს.
დაპირისპირების ცენტრში მმართველი უმრავლესობის მიერ არჩეული ხუთი მოსამართლეცაა, რომლებსაც ქვეყნის პრეზიდენტის წინაშე ფიცი არ დაუდიათ. ოპოზიცია მათი უფლებამოსილების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს.
სასამართლოსთან განვითარებული მოვლენების შესახებ ბრალდებებს პოლიცია უარყოფს და განმარტავს, რომ მხოლოდ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ხელისუფლება კი გადაწყვეტილებას სასამართლოს მუშაობის აღდგენის აუცილებლობით ხსნის.
ვითარების გამწვავების გამო, პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ სენეგალში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და ქვეყანაში დაბრუნდა. ნავროცკი პარლამენტის წარმომადგენლებთან სასწრაფო კონსულტაციებს იწყებს.