ირანის სულიერმა ლიდერმა, მოჯტაბა ხამენეიმ სამხედრო მეთაურებს უბრძანა, აშშ-თან და ისრაელთან განახლებული დაპირისპირებისთვის მოემზადონ

მოჯტაბა ალი ხამენეი

ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა, მოჯტაბა ხამენეიმ უმაღლეს სამხედრო მეთაურებს უბრძანა, აშშ-სთან და ისრაელთან განახლებული დაპირისპირებისთვის მოემზადონ.

მისივე თქმით, თეირანი მზადაა, მტრების წინააღმდეგ შურისძიების საპასუხო ნაბიჯები განახორციელოს.

„ყველა დონისა და ტიპის საფრთხეს უნდა დავხვდეთ დაუყოვნებელი, ეფექტური რეაგირებით, გეოგრაფიული შეზღუდვების გარეშე“, – განუცხადა ხამენეიმ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, არმიისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელებს.

ამასთან, ხამენეიმ სამხედროებს უბრძანა, განაახლონ პოტენციური სამიზნეების სიები, რათა აშშ-სა და ისრაელის „ყველა სახის მატერიალური და არამატერიალური აქტივი“ „შეიარაღებული ძალების ხელმისაწვდომობის ფარგლებში მოექცეს“.

უზენაესმა ლიდერმა ასევე მოუწოდა სამხედროებს, გააძლიერონ თავიანთი შესაძლებლობები ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.

„თუ მტრები განაახლებენ სამხედრო ან ტერორისტულ თავდასხმებს, სწორედ ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები და ირანის ერი განსაზღვრავენ მისი დასრულების დროსა და პირობებს“, – აღნიშნა ხამენეიმ.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ხამენეის განცხადებაში არ არის მითითებული მისი შეხვედრის თარიღი და ადგილი, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მან, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, თავისი უმაღლესი სამხედრო მეთაურები შეკრიბა. ის საჯაროდ არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა თებერვალში ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში „უოლ სთრით ჯორნალმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მ სპარსეთის ყურის ქვეყნები გააფრთხილა, შუალედური არჩევნების შემდეგ ირანზე განახლებული დარტყმებისთვის მოემზადონ. Fox-ის ცნობით კი, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პოტენციური სამხედრო ვარიანტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

✕