თუ სიზმარში გველი ნახეთ, ეს უნდა იცოდეთ - გოგა მანია
1780517750
ისრაელი და ლიბანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ეს დამოკიდებულია ჰეზბოლას მხრიდან ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე და სამხრეთ ლიბანიდან ჰეზბოლას ყველა აქტივისტის გაყვანაზე, - ამის შესახებ აშშ-ის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების თანახმად, ისრაელი და ლიბანი „შეთანხმდნენ, რომ 22 ივნისის კვირაში განაახლებენ პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების განხილვას, ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევის მიზნით“. ამასთან, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აშშ „დათანხმდა, რომ შუალედში გააგრძელებს მხარეებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობას“.
ერთობლივი განცხადების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სწრაფად იმოქმედებენ საპილოტე ზონები შესაქმნელად, სადაც „ლიბანის შეიარაღებული ძალები აიღებენ ექსკლუზიურ კონტროლს ტერიტორიაზე ყველა არასახელმწიფო აქტორის გამორიცხვით“, თუმცა ამ საპილოტე ზონების ვადები არ არის განსაზღვრული.
ერთობლივი განცხადების თანახმად, „ისრაელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის უზრუნველყოფა მხოლოდ „ჰეზბოლას“ განიარაღებით და ლიბანის მასშტაბით მისი ინფრასტრუქტურის დაშლით შეიძლება“.
„აშშ-მა ხაზგასმით აღნიშნა ლიბანის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის განზრახვა, მათი შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და ლიბანის ტერიტორიაზე სუვერენიტეტის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. ყველა მხარემ დაგმო ირანის თავდასხმები რეგიონის ქვეყნებზე და მიმდინარე საქმიანობა, რომელიც ძირს უთხრის სტაბილურობას მთელ ახლო აღმოსავლეთში, იქნება ეს პროქსი ძალების მხარდაჭერა თუ აგრესიის ყველა სხვა აქტი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ოთხშაბათის თითქმის ცხრა საათს გაგრძელდა. სამშაბათს კი მოლაპარაკებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.