გურამ მაჭარაშვილი: რამე მტკიცებულება რომ ჰქონდეს BBC-ის, არ გამოიყენებდა? დღესვე გამოამზეურებდა ამ მტკიცებულებას

გურამ მაჭარაშვილი

დღეს რომ რამე მტკიცებულება ჰქონდეს BBC-ის, არ გამოიყენებდა? დღესვე გამოამზეურებდა ამ მტკიცებულებას. აშშ-ის პრეზიდენტი უჩივის, ქართული ოცნება უჩივის და ბევრი ზიანი აქვს მიყენებული საერთაშორისო მედასაშუალებას. ის წყაროც ეცლება ახლა ხელიდან, რომელიც ამბობს, მე არაფერი ვიციო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა BBC-ის სტატიაზე საუბრისას.

კითხვაზე ვინ არის ამ ამბის დამკვეთი, მაჭარაშვილმა ასე უპასუხა:

„ეს არის დიფ სთეითი. ერთ მშვენიერ დღეს გავიგებთ, ვინ, სად და როდის გადაიხადა ამ გარიგებაში. ვიღაც ლობისტი ეყოლებოდათ, ოფიციალურად გადაუხდიდნენ, მოხვდება ფარას კანონის მიხედვით სადმე და ამას გავიგებთ. მესამე დღეა ეს ფეიკ ნიუსი გაავრცელეს და უკვე წყარომ უარყო, რომ მან რაიმე იცის საერთოდ.

დღეს პრემიერის ბრიფინგი იყო, ტვ პირველის და ფორმულას ჟურნალისტებმა რაღაც ოთხციფრიანი კოდი ისწავლეს, იმეორებენ ამ კოდს და როცა პრემიერმა აუხსნა, რომ ამ კოდის ქვეშ არის აკრძალული ნივთიერებებიც და ისეთი ნივთიერებებიც, რომელიც არ არის აკრძალული, ეს მათ ვერ გაიგეს, ან არ უნდოდათ გაეგოთ და მაინც იმეორებდნენ ამ კოდს“.

ცნობისთვის, BBC-იმ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. პედიატრი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი მის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით სუსში დაიბარეს.