პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა პირს, რომელმაც 70 მოქალაქე მოატყუა, რომ მათთვის აუქციონზე ავტომანქანებს შეიძენდა და 4 775 922 ლარს დაეუფლა

მანქანები

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნდობაში შევიდა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებთან და დაჰპირდა, რომ თითქოსდა ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების ავტო აუქციონებზე მათთვის ავტომანქანებს შეიძენდა და საქართველოში ჩამოიყვანდა. აღნიშნული გზით ბრალდებული 70 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 4,775,922 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

დანაშაულებრივი ქმედების შედეგად უკანონოდ მოპოვებული ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემის და მათი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა თანხის ნაწილი 3 973 414 ლარი, საკუთარ კრიპტო ვალუტის ანგარიშზე განათავსა, საიდანაც თანხები გადარიცხა და დაანაწევრა კრიპტო ვალუტის რამდენიმე ათეულ არარეგისტრირებულ ანგარიშზე (ე.წ. „ცივი საფულე“), რითაც დამალა და შენიღბა თანხების ნამდვილი ბუნება და წარმოშობის წყარო.

ბრალდებულს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა“, - ნათქვამია განცხადებაში.