დავით ქართველიშვილი BBC-ზე: რომელ სტანდარტში ჯდება მთელი სახელმწიფოს დადანაშაულება უმძიმესი მუხლით?

დავით ქართველიშვილი

რომელ სტანდარტში ჯდება მთელი სახელმწიფოს დადანაშაულება უმძიმესი მუხლით, როცა შენ, მედიას არ გაგაჩნია ელემენტარული საექსპერტო მონაცემები, რომელიც დაამტკიცებდა იმ ინფორმაციას, რომელსაც გაწვდიან?!, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილი BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას.

„მე პერიოდულად ვეცნობი [Amnesty International] კვლევებს ამერიკაში, ბრიტანეთში, საფრანგეთში, საბერძნეთში დემონსტრაციების დარბევის დროს გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შედეგების ამსახველ კვლევებს, სადაც ძალიან მძიმე შედეგია. საქართველოზე დავიჯერო ერთი წლის განმავლობაში არ ჩატარებულა არანაირი კვლევა და არ აქვს მსგავსი ინფორმაცია BBC-ის? ეს ძნელი დასაჯერებელი ამბავია“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ამ თემაზე საუბრისას ქართველიშვილმა წლების წინ ერაყის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

„მინდა ყველას შევახსენო, მსგავს ბრალდებაში დადანაშაულებული იყო, თავის დროზე, ერაყი და მისი ხელისუფლება. სწორედ ამ ფეიკ დაბრალებაზე იყო აგებული სამხედრო ინტერვენცია, რომელსაც მოჰყვა ერაყის სახელმწიფოს ფაქტობრივი და ხელისუფლების ფიზიკური განადგურება. რაზეც იმდროინდელი სახელმწიფო მდივანი იძულებული იყო ეღიარებინა ის, რომ თავის დროზე ამ ფეიკ დაბრალებას მოჰყვა ეს ყველაფერი. ჩვენ რატომ უნდა გამოვრიცხოთ აგონიაში მყოფი ოპოზიციის და მათი საერთაშორისო მფარველების [მიზანი]? ფსონი იყო გაკეთებული იმაზე, რომ სახელმწიფო ამას გაატარებდა, მაგრამ სახელმწიფო მოიქცა ისე, რასაც მოჰყვა ამ ე.წ. მოწმეების უკან დახევა“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.