ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, შეხვედრაზე შევაჯამეთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი - კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დღეს შეხვედრა მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან. შეხვედრაზე შევაჯამეთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და მიმოვიხილეთ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან საუბრისას, ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.

„ევროპარლამენტის პრეზიდენტთან საუბრისას, ხაზი გავუსვი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და აღვნიშნე, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის მისაღწევად მუშაობას აგრძელებს.

ასევე, ვისაუბრეთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში ევროპარლამენტის როლსა და მისი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. შევაფასეთ საქართველოსა და ევროპარლამენტს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა და პარტნიორობის გაძლიერების მზაობა კიდევ ერთხელ გამოვთქვით.

შეხვედრაზე ვიმსჯელეთ როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.

დასასრულს, რობერტა მეცოლას კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის“, - წერს ირაკლი კობახიძე.