irakli garibashvili

ბრიუსელში კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია - ირაკლი ღარიბაშვილი

ბრიუსელში ორდღიანი სამუშაო ვიზიტი დასრულდა, რომლის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები შედგა ევროპულ საბჭოში, ევროპარლამენტში, ევროკომისიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ წერს.

„ბრიუსელში ორდღიანი სამუშაო ვიზიტი დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები შედგა ევროპულ საბჭოში პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტში პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან, ევროკომისიაში უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელსა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკომისიის თვითშეფასების კითხვარი შეავსო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებთან პირადად განმეხილა ის პროგრესი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ რეფორმების პროცესში, ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების განხორციელების გზაზე მიაღწია, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია და ევროპელ პარტნიორებს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„შეხვედრებზე კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია. მადლობას ვუხდი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.

რეგიონულ გამოწვევებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, ასევე ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობაზე ვისაუბრე ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, რომელმაც თავის საცხოვრებელ რეზიდენციაში მიმასპინძლა. გენერალური მდივანი რჩება საქართველოს მტკიცე და ძლიერ მხარდამჭერად ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში“, – აღნიშნულია განცხადებაში.