აეროპორტისთვის საფერავის დარქმევა გვინდოდა, მაგრამ მთავრობა ვერ შეთანხმდა რქაწითელსა და საფერავს შორის, ბოლოს ვაზის ძეგლი დავდგით, ბათუმში გავაკეთეთ ჭაჭის შადრევანი - სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

რუსეთმა ღვინო რომ აკრძალა, მომიტანეს მთავრობის დადგენილების პროექტი, ახალაშენებული თბილისის აეროპორტისთვის საფერავის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დაგვერქმია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, მთავრობის წევრები ვერ შეთანხმდნენ, რქაწითელი ყოფილიყო თუ საფერავი.

„რუსეთმა ჩვენი ღვინო როდესაც აკრძალა, მომიტანეს მთავრობის დადგენილების პროექტი – მაშინ ახალაშენებული იყო თბილისის აეროპორტი და დაგვერქმია საფერავის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. მთავრობის ნაწილმა იჩხუბა, რქაწითელი რითია ნაკლებიო. მოკლედ, მთავრობა ვერ შეთანხმდა რქაწითელსა და საფერავს შორის. ბოლოს ვაზის ძეგლი დავდგით. მთელი ჭაჭა, რომელიც რუსეთში ვერ გავიტანეთ, შევისყიდეთ, 220 ტონა იყო და ბათუმში გავაკეთეთ ჭაჭის შადრევანი, საიდანაც 18:00 საათამდე უფასოდ  მოედინებოდა ჭაჭა. ეს იყო უნიკალური პრეცედენტი. დარაჯი გვყავდა დაყენებული, ბავშვებს რომ არ დაელიათ, სხვა პრობლემა არ იყო“, – განაცხადა სააკაშვილმა.