როცა ჩვენს ერთ ჭურვზე რუსეთის 10 ჭურვი მოდის, ერთ თვითმფრინავზე კი - 30, გამარჯვების შანსები არ არსებობს - ზელენსკი

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, როცა უკრაინის ერთ ჭურვზე რუსეთის 10 ჭურვი მოდის, ერთ თვითმფრინავზე კი - 30, გამარჯვების შანსები არ არსებობს. ამის შესახებ მან PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინას არ აქვს საკმარისი რაოდენობის შეიარაღება, რათა წარმატებით აღუდგეს წინ რუსეთის შემოჭრას - ასეთ პირობებში კი ოკუპანტები ყოველდღიურად უკრაინულ ჯარს უკან დახევენ.

„გულწრფელად გეუბნებით, მოკავშირეების, კერძოდ, აშშ-ის დახმარების გარეშე გამარჯვების შანსები არ გვექნება. ჩვენ მტერზე გაცილებით ძლიერები უნდა ვიყოთ. დღეს ჩვენს ერთ საარტილერიო ჭურვზე მტრის 10 ჭურვი მოდის. შეგვიძლია, ასეთ პირობებში ვიდგეთ? არა. თვითმფრინავების შეფარდება ერთი 30-თანაა. როგორ უნდა ვიომოთ? ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე განსაკუთრებულს და არც 300-500 თვითმფრინავს. სხვათა შორის, რუსეთი 300 თვითმფრინავს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე იყენებს! ამ სტატისტიკით ისინი ყოველდღე ჩვენ უკან დაგვხევენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, იმისათვის, რომ უკრაინამ დაიცვას ის ტერიტორიები, რომლებსაც ახლა აკონტროლებს, საჭიროა, რომ 10 რუსული ჭურვის პირისპირ უკრაინას ასევე 10 ჭურვი ჰქონდეს.