ომის 272-ე დღე - რა ხდება უკრაინაში

ომი უკრაინაში

272-ე დღეა უკრაინაში საოკუპაციო ძალები პოზიციების გასამყარებლად საავიაციო და სარაკეტო იერიშებს არ წყვეტენ.

სარაკეტო იერიშის სამიზნეში მოექცა ფრონტის ხაზიდან 30 კილომეტრზე მდებარე ზაპოროჟიეს სოფელი. რუსულმა რაკეტებმა ისევ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები გაანადგურა.

რუსული აგრესიის მთავარ სამიზნედ უკრაინის ენერგოსისტემა რჩება. ქვეყნის პრეზიდენტი მოსახლეობას ელექტროენერგიის მაქსიმალურად ეკონომიურად გამოყენებისკენ მოუწოდებს.

ღამის ტრადიციული მიმართვისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ მხრივ ყველაზე რთული ვითარება დედაქალაქსა და კიევის ოლქში, ასევე ვინიცის, სუმის, ტერნოპოლის, ჩერკასისა და ოდესის ოლქებშია. უკრაინის პრეზიდენტმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ვმუშაობთ იმისთვის, რათა უზრუნველვყოთ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მითითება უკრაინული ატომური ობიექტების წინააღმდეგ მტრულ მოქმედებათა შეწყვეტის შესახებ. ამისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია. რუსეთმა უნდა გაიყვანოს იქიდან ყველა მებრძოლი და შეწყდეს ცეცხლი სადგურის მისამართით. რუსი ტერორისტების დარტყმებით ჩვენი ენერგეტიკისთვის მიყენებული სისტემური ზიანი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხალხმა და ბიზნესმა ელექტროენერგია ძალიან ეკონომიურად უნდა მოიხმარონ“, - განაცხადა ზელენსკიმ.