ნახეთ, რის გაგზავნას გეგმავენ ქართული მონასტრიდან ბერები ბუჩაში, ბავშვებისთვის

bucha beri

"საბა მქვია... უბრალო ბერი ვარ... ორი მონასტრის ბერები შევიყარეთ ნიკოლოზობას. უკრაინაზე ვლაპარაკობდით და მოვიფიქრეთ რაც თაფლს შევაგროვებთ მთლიანად ბუჩაში გაგატანოთ... ლოცვას აქედან არ მოგაკლებთ, თაფლი ბავშვებს წაუღე და თუ ღმერთმა ინება, იქნებ მშენებლობაშიც მოგეხმაროთ!" - ეს თბილი საუბარი სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს და ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირს შორის შედგა. 

"ამ თვეში რამდენჯერმე შევცვალე ნომერი.
ჯერ უკრაინული მქონდა, ახლა პოლონური… ისედაც სულ ინტერნეტით მაქვს კავშირი ყველასთან და ქართულმა ნომერმა რომ დარეკა ძალიან გამიკვირდა. 
- გამარჯობა, გიგა ხართ?
- გამარჯობა, გიგა ვარ!
- გაგახარებს ღმერთი ძმაო, კარგია რომ მიპასუხე - სითბო შეეტყო ხმაში ალბათ 40 წლამდე კაცს.
- იცოცხლე ძმობილო, რით გემსახურო? ამ სიტყვას (ძმობილო) ისედაც ხშირად ვიყენებ, განსაკუტრებით თუ სახელი არ ვიცი.
- შენ არა, ჩვენ გვინდა მოგეშველოთ მცირე ძღვენით!
- ვახ, დიდი მადლობა ძმაო - არ დავბნეულვარ, მსგავსი შინაარსის ათეულობით წერილი მომდის ყოველ დღე. სახელი მაინც მითხარი, როგორ მოგმართო?
- საბა მქვია, ნათლობის სახელიც და ერისკაცობისაც. რეგიონიდან (შეგნებულად არ ვასახელებ) გირეკავ, ბერი ვარ… პაუზა გააკეთა, ზუსტად იცოდა დავიბნეოდი.
- მამა საბა უნდა დაგიძახო? თითქოს არ შევიმჩნიე დაბნეულობა.
- ტოლები ვართ მე და შენ, თან უბრალო ბერი ვარ, საბას თუ დამიძახებ უფრო გამოხარდება. გულწრფელი იყო საბას ლაპარაკი, სასიამოვნოდ მართალი.
- კარგი საბა, აბა გისმენ?!
- აქეთ ორი მონასტრის ბერები შევიყარეთ ნიკოლოზობას. უკრაინაზე ვლაპარაკობდით და მოვიფიქრეთ რაც თაფლს შევაგროვებთ მთლიანად ბუჩაში გაგატანოთ  
აი აქ ისეთი ჟრუანტელი წამოიღო, კაი ხანია მსგავსი არაფერი მახსოვს.
- ვაახ, როგორ გამახარე კარგო კაცო, ბევრს ნიშნავს შენი ზარი ჩემთვის - დიდი ხნის წინ ნაჩხუბარ მეგობარს რომ უცბად შეურიგდები, ეგ შეგრძნება მქონდა.
-კარგი კაცი ხარ გიგა, ძმაო. ლოცვას აქედან არ მოგაკლებთ, თაფლი ბავშვებს წაუღე და თუ ღმერთმა ინება, იქნებ მშენებლობაშიც მოგეხმაროთ!
როუმინგზე ლაპარაკი ძვირია და საუბარიც მალევე შეწყდა…
ოქრო საქმეების კეთებას, ახალი, ოქრო ადამიანების პოვნა ახლავს თან 

ჩემო კარგო ქვეყანავ  ნომერი საიდან გაიგო მაგას ვერ მივხვდი..." - წერს გიგა მაქარაშვილი...   გიგა მაქარაშვილი უკრაინაში იმყოფება. მისი ინიციატივით, რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებულ ბუჩაში საბავშვო ბაღი და საჯარო სკოლა აშენდება. სამოქალაქო აქტივისტი უკრაინაში ქართველების მიერ სასწავლო დაწესებულებების მშენებლობისთვის საჭირო თანხის მობილიზებას ახდენს.