daviti

Exclusive: „ირპენში ბუჩა რომ არ გამეორდა, შენი მეუღლისა და მისი თანამებრძოლების დამსახურებააო" - ინტერვიუ უკრაინაში დაღუპული დავით გობეჯიშვილის მეუღლესთან

ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგ გაიგო, რომ სნაიპერი იყო. ამერიკაში მიდიოდა, როცა უკრაინაში ომი დაიწყო, გზიდან გადაუხვია და პირდაპირ ბრძოლის ველზე აღმოჩნდა. ოჯახს ეუბნებოდა, კიევში, სახლში ვიმყოფებიო... არა და, ამ დროს ირპენში, ფრონტზე ოკუპანტებს ანადგურებდა. მხოლოდ ოთხი დღე იბრძოლა. თავად აფხაზეთიდან დევნილი, აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და აგვისტოს ომის ვეტერანი მებრძოლი, მტრის ტყვიას უკრაინაში ვერ გადაურჩა.

დავით გობეჯიშვილი 47 წლის იყო... სახლში თავის წილ ბრძოლებზე არასდროს საუბრობდა. ოჯახს მის საგმირო ისტორიებს ახლა უყვებიან... მეუღლეს უკანასკნელად გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ესაუბრა.

"პრაიმტაიმთან" საუბრისას მარიკა კუბლაშვილი იმ საზარელ დღეს იხსენებს, როცა შეიტყო, რომ მისი მეუღლე, გმირი ქართველი უკრაინაში ფრონტზე გმირულად დაეცა... დავით გობეჯიშვილს საზოგადოება როგორც სამაგალითო მებრძოლს, პატრიოტს და გმირს იცნობს, ალბათ, ცოტამ თუ იცის, ფრონტის ხაზზე დაცემული კაცის განუხორციელებელი ოცნებები, მისი დაოჯახების ისტორია და ყოფა, რომელსაც პენსიაზე გასვლის შემდეგ ფაქტობრივად, ცალი კიდურით ებრძოდა. 

„დათოს ბოლოს 25 მარტს ვესაუბრე, ჩვეულებრივად იყო, ხუმრობდა კიდეც. არცერთს არ გვქონია ცუდი წინათგრძნობა. პირიქით, აქეთ მამშვიდებდა, ტელევიზიით რასაც გადმოსცემენ ასეთი მძიმე ვითარება არ არისო. მეუბნებოდა, რომ იყო კიევში სამოთახიან ბინაში იმყოფებოდა და საფრთხე არ ემუქრებოდა. მთხოვა, ბავშვები დამემშვიდებინა. არა და, ბრძოლის ველზე ტყვიების ქარცეცხლში ყოფილა...

უკვე 26-ში გამთენიისას მასთან დაკავშირებას ვცდილობდი, მაგრამ ტელეფონი გათიშული ჰქონდა. არც კი დამიშვია, რომ თავს უბედურება დამატყდებოდა. მას არაერთი რთული პერიოდი აქვს გამოვლილი, აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და აგვისტოს ომში იბრძოდა. პირველი შვილი ორი თვის გვყავდა, რომ ჩეჩნებთან ერთადაც იბრძოდა და პარტიზანობდა. იმდენჯერ გადაურჩა მტრის ტყვიას, მეგონა, რომ უკრაინის ომიდანაც ცოცხალი დაბრუნდებოდა. თუმცა, მაინც ძალიან ვნერვიულობდი და განვიცდიდი, ომში იყო... 

დღესაც ძალიან მძიმეა იმ დღის გახსენება. 26 მარტს, ახლობლის წლისთავზე ვიყავი. მეგობარმა ტელეფონი მთხოვა, დასარეკი არ მაქვს და დამარეკინეო. კარგა ხანი, რომ გავიდა და ტელეფონი არ დამიბრუნეს, მოვიკითხე, არაფრით არ მაძლევდნენ. ცუდად მენიშნა. მერე სახლში წავიდეთო მითხრეს და თითქმის ყველა მეგობარი თან გამომყვა. სახლში, რომ მივედი ნათესავები დამხვდნენ. მითხრეს, დათო მძიმედ არის დაჭრილიო.

 

მივხვდი, რომ ჩემს თავს საშინელება ტრიალებდა. ყველას ვთხოვდი, პირდაპირ მითხარით თუ დაიღუპა-მეთქი. მერე უკვე აღარ მახსოვს რა მოხდა...  დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ აღარ არის. თავი ისევ სიზმარში მგონია. მგონია, რომ წასულია და დაბრუნდება. მერე, როცა რეალობას თვალს ვუსწორებ მიწაზე მწარედ ვენარცხები... ჩვენი შვილები გიას გარდაცვალებას ძალიან განიცდიან, განსაკუთრებით ჩვენი გოგონა, რომელიც 14 წლისაა...“ - იხსენებს დათოს მეუღლე, მარიკა კუბლაშვილი.

უკრაინაში გმირულად დაცემულ დავით გობეჯიშვილს სულ სხვა გეგმები ჰქონდა. არაერთი ომის ვეტერანი ბოლოს ხელობაზე მუშაობდა, კაფელ - მეტლახს აგებდა. მექსიკიდან ამერიკაში გადასვლას გეგმავდა. 11 მარტს პოლონეთში გაფრინდა. როცა უკრაინაში ომი დაიწყო, მეუღლისთვის უთქვამს, მე ახლა ამერიკაში კი არა, უკრაინაში უნდა მივდიოდეო...

„როცა ეს მითხრა, ძალიან შევიცხადე, ხომ არ გაგიჟდი-მეთქი... როცა პოლონეთში ჩაფრინდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ ჰქონდა გაკეთებული და ერთი კვირა კარანტინში იყო. იქიდან, რომ გამოვიდა მითხრა, აქ ვერაფრით გავჩერდები, უკრაინაში მივდივარო. ბევრი ვეხვეწე და ვემუდარე, მაგრამ არაფერმა გაჭრა. უკრაინაშ სრულიად მარტო ჩავიდა. გზიდან გვირეკავდა ვიდეო თვალით. ავტობუსიდან ერთი უკრაინელი ქალბატონიც გვასაუბრა, მითხრა, ორი შვილი უკრაინაში ჰყავს და თვითონაც იქ მიდის, შენ კი ქმრის გაშვება არ გინდაო...

მას შემდეგ კი რაც უკრაინაში ჩავიდა, ვიდეო თვალით აღარ დაურეკავს... როგორც მისი თანამებრძოლები მეუბნებიან, ირპენში ბუჩა, რომ არ განმეორდა, სწორედ შენი მეუღლის და მისი თანამებრძოლების დამსახურებააო.

მტერს 9 კილომეტრით დაახევინეს უკან და რუსებს დიდი ზიანი მიაყენეს. დათო, რომ სნაიპერი იყო ახლა გავიგე. ბრძოლებზე არასდროს საუბრობდა. მიუხედავად იმისა, რომ მარცხენა ხელზე ოთხი თითი აკლდა, პარტიზანობის პერიოდში აფეთქების დრო დაკარგა... იმდენ ისტორიას მიყვებიან ჩემს მეუღლეზე, რომ მიკვირს, ოთხ დღეში ამდენი რამის კეთება როგორ მოასწრო.

16 წლის იყო, რომ აფხაზეთის ომი დაიწყო. ხელში იარაღი აიღო და ბრძოლის ველზე წავიდა. წარმოშობით რაჭველი გახლდათ, მაგრამ სოხუმში დაიბადა და იზრდებოდა. მის სკოლის ატესტატს, რომ ჩახედოთ, სულ ფრიადები უწერია. პროფესიული განათლების მიღება ვეღარ შეძლო, სამხედრო მიმართულებით წავიდა და მთელი ცხოვრება ჯარს მიუძღვნა.

ტყიბულში სოხუმის ბატალიონი იყო დაბანაკებული და ერთმანეთი სწორედ აქ გავიცანით. ერთი პერიოდი დაზვერვის ათმეთაური გახლდათ. მერე ეს ბატალიონი დაიშალა და მუშაობა კარალეთის სპეცრაზმში დაიწყო. აფეთქების დროს, მარცხენა ხელზე ოთხი თითი დაკარგა და პენსიაში გაუშვეს. ბოლოს, ხელობა ისწავლა და კაფელს აგებდა." - ამბობს გმირის მეუღლე.

დათომ და მარიკამ ერთმანეთი 22 წლის წინ ტყიბულში გაიცნეს. ერთი წლის თავზე გიორგი შეეძინათ. ოცნებობდა, რომ რაჭაში სახლი აეშენებინა და ცხენი ეყიდა. სიბერის გატარებას რაჭაში გეგმავდა...

„მე და დათომ ერთმანეთი დიდი ხნის წინ გავიცანით. დედაჩემს ტყიბულის ბატალიონთან ახლოს, სწრაფი კვების ობიექტი ჰქონდა გახსნილი და ხშირად მივდიოდი. იქ დავუნახივარ დათოს და მოვწონებივარ. ერთმანეთი ერთი წელი ჩუმად გვიყვარდა, ჩვენს გრძნობებს არ ვამხელდით.

მაშინ, დათო 26 წლის იყო, მე 21-ის. ერთი წლის თავზე პირველი შვილი შეგვეძინა... მერე გოგონა გაგვიჩნდა. ბედნიერი კაცი ვარო, ამბობდა. გიჟდებოდა შვილებზე და ნატრობდა, რაჭაში სახლი ვიყიდოო. ჩვენი სიბერის წლების გატარება სწორედ იქ წარმოედგინა.

ფიქრობდა, რომ ბავშვები თბილისში იცხოვრებდნენ... ოცნებობდა ცხენზე, რომელიც რაჭაში აუცილებლად უნდა გვყოლოდა. ამბობდა, იმედია ისე არ მოვკდები, რომ ჩემს შვილებს სოხუმი არ ვანახოო... “ - ამბობს გმირის - დავივთ გობეჯიშვილის ცოლი. 

P.S. ვიცნობდეთ გმირებს!