დონალდ ტრამპისთვის რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა მოულოდნელი არ ყოფილა - კეროლაინ ლევიტი

კეროლაინ ლევიტი

 დონალდ ტრამპისთვის რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა მოულოდნელი არ ყოფილა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

„ამაზე პრეზიდენტს დღეს დილით ვესაუბრე და, სამწუხაროდ, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ეს ორი ქვეყანაა, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან სასტიკ ომში არიან, ომში, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, პრეზიდენტი რომ თანამდებობაზე ყოფილიყო. ის წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სისუსტისა და არაკომპეტენტურობის გამო დაიწყო”, – განაცხადა ლევიტმა.

თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის შუამავლობით რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები მიმდინარე კვირის ბოლოს აბუ დაბიში გაგრძელდება. ლევიტის თქმით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მონაწილეობას მიიღებენ უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის დაგეგმილ სამმხრივ მოლაპარაკებებში.

ლევიტის თქმით, სამმხრივი მოლაპარაკებები „ისტორიულია“, რადგან „სამ ქვეყანას არასდროს ჰქონია შესაძლებლობა, დამსხდარიყვნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან“.

„სტივ უიტკოფმა, ჯარედ კუშნერმა და პრეზიდენტმა ტრამპმა შეუძლებელი შესაძლებელი გახადეს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის საკითხში და ვიცი, რომ ისინი ისწრაფვიან იგივე გააკეთონ რუსეთსა და უკრაინას შორის ომთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ლევიტმა.