„კომისიასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცნობილია - მხარს ვუჭერთ“ - ტატა ხვედელიანი ფასების რეგულირებაზე

ტატა ხვედელიანი

 რა ფაქტორები მოქმედებს ქვეყანაში სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასის მატებაზე? საკითხის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის ტექნიკური დეტალები დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე უნდა დადგინდეს.

გაირკვევა კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები. მუშაობას კი კომისია, რომლის უფლებამოსილების ვადაც 3 თვით განისაზღვრა, ხვალ დაიწყებს.

მმართველი გუნდის თქმით, საპარლამენტო, ისევე როგორც სამთავრობო კომისიების მუშაობა გამჭვირვალედ წარიმართება. პროცესის დაწყებისთვის მზადაა ოპოზიციაც.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, თუ შესაძლებელია, რომ საკითხის განხილვით მოსახლეობის კეთილდღეობა უკეთესი გახდეს, მათი პოლიტიკური გუნდი პროცესს მხარს დაუჭერს.

"კომისიასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცნობილია - მხარს ვუჭერთ. თუ შესაძლებელია, რომ შეიცვალოს მოსახლეობის ვითარება, რა თქმა უნდა, ჩართულები ვიქნებით და ვიაქტიურებთ ამ მიმართულებით.

ჩვენი გუნდის წევრები იქნებიან ამ კომისიის განხილვებზე. დაველოდოთ, რას მოგვიტანს ეს პროცესი", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.