1775926019
უნგრეთის ბედი წყდება, უფრო ეფექტური და ნაკლებად მტკივნეული იქნება, თუ 2/3-იან მანდატს მოგვცემთ, უფრო მარტივად შევძლებთ აბლაბუდის გაწყვეტას, რომელშიც ჩვენი ქვეყანაა გახვეული - პიტერ მაგიარი
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ბუდაპეშტის დროით, დილის 6 საათზე გაიხსნა და საღამოს 7-ზე დაიხურება. პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. არჩევნებში სულ 5 პარტია მონაწილეობს.
მთავარი კანდიდატები მოქმედი პრემიერის, ვიქტორ ორბანის "ფიდესი" და პიტერ მაგიარის "ტისა" არიან. უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის ცნობით, 11:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 37.98%-მა დააფიქსირა, რაც წინა 3 საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია. უნგრეთის კანონმდებლობის მიხედვით, ხმები, ოფიციალურად უნდა დაითვალონ არაუგვიანეს 18 აპრილისა, თუმცა ეგზიტპოლების შედეგებს უკვე საღამოსთვის ელოდებიან.
საკუთარი ხმა დილიდანვე დააფიქსირეს უნგრეთის პრემიერმა და მისმა მთავარმა კონკურენტმაც. არჩევნებს უნგრეთში ქართველი დეპუტატები აკვირდებიან.
"ყველას ვთხოვ, შეინარჩუნოს სიმშვიდე, აუღელვებლობა და წყნარი განწყობა. არვინ უნდა აყვეს პროვოკაციას. მოვუწოდებ უნგრეთის თითოეულ მოქალაქეს, გამოიყენოს ხმის მიცემის უფლება, უნგრეთის ბედი წყდება. ქვეყნის მართვა შეიძლება ასეც და ისეც, მაგრამ ჩვენ აშკარად ვხედავთ და ვიცით უნგრეთის მდგომარეობა. ბევრად უფრო ადვილი, ეფექტური და ნაკლებად მტკივნეული იქნება, თუ ჩვენ 2/3-იან მანდატს მოგვცემთ, ჩვენ უფრო მარტივად შევძლებთ ამ სისტემის დემონტაჟს და იმ აბლაბუდის გაწყვეტას, რომელშიც ჩვენი ქვეყანაა გახვეული", - აცხადებს პარტია "ტისას" ლიდერი, ორბაის მთავარი კონკურენტი პიტერ მაგიარი.











