თურქული მედია: ერდოღანმა და პუტინმა თურქმენეთში გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მოლაპარაკებები გამართეს

ვლადიმირ პუტინი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პარასკევს თურქმენეთში გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ვრცელი მოლაპარაკებები გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

ერდოღანმა და პუტინმა დახურული შეხვედრა გამართეს აშხაბადში გამართული „საერთაშორისო მშვიდობისა და ნდობის ფორუმის“ ფარგლებში.

ერდოღანმა და პუტინმა მიანიშნეს მოსკოვსა და ანკარას შორის სტაბილურ ურთიერთობებზე, შეთანხმდნენ, რომ მათი თანამშრომლობა „ძალიან კარგად ვითარდება ყველა სფეროში“, მიუხედავად გარკვეული გადაუჭრელი საკითხებისა.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთ-თურქეთის კავშირების „მრავალმხრივი და დივერსიფიცირებული“ სტრუქტურა, განსაკუთრებით სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობაში, ეხმარება ორივე ქვეყანას გაუძლოს იმას, რასაც პესკოვმა „მესამე მხარეების“ ზეწოლა უწოდა.