რუბიო: ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობები და საუბარი რუსეთთან, ეს უბრალოდ აუცილებელია, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ის, რასაც ისინი აკეთებენ - ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობა მათთან უფრო მეგობრული და მარტივი გასაგრძელებელი იქნება მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დასრულდება

მარკო რუბიო

სულ მცირე, ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობები და საუბარი რუსეთთან - ეს უბრალოდ აუცილებელია, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ის, რასაც ისინი აკეთებენ, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიო კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

კონგრესმენი ანა პაულინა ლუნას კითხვაზე - მინდა გკითხოთ, ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, სულ ახლახან, რუსეთის დუმის წევრები აქ ჩამოვიდნენ კონგრესის წევრებთან შესახვედრად. რა არის საბოლოო შედეგი, როდესაც კონგრესი ვერ ახერხებს დიალოგის წამოწყებას და კომუნიკაციის შენარჩუნებას ისეთ სხვა ზესახელმწიფოსთან, როგორიც რუსეთია? - რუბიომ უპასუხა:

ვფიქრობ, აქ ორი საკითხია განსახილველი. ერთი არის უკრაინის ომი, რომლის დასრულებაც მოლაპარაკებების გზით, შეთანხმებით გვსურს. და ამისგან დამოუკიდებლად არსებობს ორმხრივი ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც ფლობს - თუ არა ყველაზე დიდს - სიდიდით მეორე ბირთვულ არსენალს მსოფლიოში.

სულ მცირე, ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობები და საუბარი რუსეთთან. ეს უბრალოდ აუცილებელია, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ის, რასაც ისინი აკეთებენ, სწორედ იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რაც ახლახან აღვნიშნე.

მე თავად არაერთი საუბარი მქონია საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლავროვთან. ეს აუცილებელია, რადგან ეს მნიშვნელოვანია. იგივე ეხება ჩინეთსაც. ჩვენ მათთან კომუნიკაცია უნდა გვქონდეს და ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არის საკითხები, რომლებსაც უკრაინასთან საერთო არაფერი აქვს.

ახლა, ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობა მათთან უფრო მეგობრული და მარტივი გასაგრძელებელი იქნება მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დასრულდება და ეს პოზიცია ამ შეხვედრაზეც დავაფიქსირეთ. მაგრამ, ვფიქრობ, რაც ვისწავლეთ და რაც ნამდვილად დაგვიდასტურდა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, არის ის, რომ ბევრად სჯობს მეორე მხარეს გყავდეს ვინმე, ვისაც დაელაპარაკები, ვიდრე არა.

და ეს არის პრეზიდენტი, რომელიც მზადაა შეხვდეს და დაელაპარაკოს ნებისმიერს. ის მოლაპარაკებებს და უცხოელ კოლეგასთან ურთიერთობას არ აღიქვამს დათმობად, როგორც ამას ტრადიციულად წარსულში უყურებდნენ. ზოგჯერ ამას რაღაც შედეგამდე მივყავართ, ზოგჯერ - არაფრამდე, მაგრამ ხანდახან კომუნიკაციის ეს საშუალება წარმოუდგენლად ღირებული აღმოჩნდება ხოლმე პოტენციური კონფლიქტის ან კრიზისის დროს.