რატომ გვეჩვენება, რომ დრო ზოგჯერ ჩვეულებრივზე სწრაფად გადის

დრო

 ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, მეცნიერებმა 4 კვლევის შედეგები გააერთიანეს. დადგინდა, რომ ეს შეგრძნება უფრო მეტადაა დაკავშირებული პიროვნულ ზრდასთან, კმაყოფილებისგანცდასა და ნოსტალგიასთან და უფრო ნაკლებად — ყოველდღიურ რუტინასა და აზრიანი გამოცდილებების ნაკლებობასთან.

სხვადასხვა კულტურისა თუ ასაკობრივი ჯგუფის ადამიანები გამუდმებით აცხადებენ, რომ რაც უფრო ემატებათ წლები, დროც უფრო სწრაფად "მიფრინავს". ეს უბრალოდ ცნობისმოყვარეობა არ არის — შესაძლოა, ამ აღქმამ ეგზისტენციალურ შფოთვაზე, გრძელვადიანი მიზნებისკენ სწრაფვასა და ბედნიერებაზეც მოახდინოს გავლენა. მიუხედავად ამ ეფექტის სიძლიერისა, მის მიღმა არსებული ფსიქოლოგიური მექანიზმები ნაკლებადაა გაგებული.

ისტორიულად ამ ფენომენის ყველაზე დამაჯერებელი ახსნა რუტინა-შეკუმშვის თეორიაა. როცა ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანი საქმეებითაა სავსე, ადამიანებს ნაკლები უნიკალური მოგონება უჩნდებათ. აქედან გამომდინარე, დრო მათთვის თითქოს ცარიელი, შეკუმშული ხდება, შესაბამისად, უფრო მოკლეც. ალტერნატიული ჰიპოთეზის მიხედვით კი, თუ ადამიანებს პიროვნული ზრდა არ აქვთ, ისინი დროის ამ პერიოდს ფუჭად დაკარგულად და ხანმოკლედ მიიჩნევენ.

მკვლევრებმა ამ ორივე თეორიის და სხვა აქამდე უცნობი შესაძლო ახსნების შესწავლა გადაწყვიტეს. მათი ნაშრომი 4 კვლევას აერთიანებს, რომელშიც მონაწილეობა 2 500-მა ადამიანმა მიიღო. მეცნიერებმა კითხვარები გამოიყენეს, რათა გამოეკვლიათ, თუ როგორ აფასებდნენ ცდისპირები გავლილ პერიოდებს — მაგალითად, წინა წელს, კოლეჯის სემესტრს ან ზაფხულს. მათ შეაფასეს, თუ რამდენად რუტინული იყო აღნიშნული პერიოდი, რამდენად გაიზარდნენ პიროვნულად, რამდენი დასამახსოვრებელი მოგონება დააგროვეს და რამდენად დამაკმაყოფილებელი ან ნოსტალგიური იყო დროის აღნიშნული მონაკვეთი. მათ ასევე შეაფასეს, თუ რამდენად სწრაფად გავიდა ეს დრო.

პირველ ორ კვლევაში ცდისპირები უნივერსიტეტის სტუდენტებიც იყვნენ. მათ აკადემიური წელი გაიხსენეს. ამ კვლევებში ასევე სხვა ზრდასრულებმაც მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც გასული წელი შეაჯამეს. ბოლო ორ ნაშრომში კი გუნდმა სტუდენტები და სხვა ზრდასრულები ონლაინ გამოჰკითხეს, ოღონდ ამჯერად გასული ზაფხულის შესახებ.

ტრადიციულმა რუტინა-შეკუმშვის თეორიამ სუსტი მხარდაჭერა მიიღო. ოთხიდან ორ კვლევაში იმ ადამიანებმა, რომლებმაც პერიოდი უფრო რუტინულად გაიხსენეს, ასევე აღნიშნეს, რომ ეს დრო სწრაფად გავიდა. მეორე მხრივ, რუტინა ყოველთვის არ განსაზღვრავდა იმას, თუ რამდენი მოვლენა დაამახსოვრდათ მონაწილეებს. გარდა ამისა, ნაკლები საინტერესო მოვლენა დროის ნელ აღქმასთან ყოველთვის არ იყო დაკავშირებული — მონაწილეები ზოგჯერ საპირისპიროსაც ამბობდნენ.

არც მეორე ჰიპოთეზა გამართლდა. მონაწილეებისთვის, რომლებიც ზრდის ნაკლებობას გრძნობდნენ, დრო უფრო სწრაფად არ გასულა — პირიქით, მათ უფრო ხშირად აღნიშნეს, რომ დრო სწრაფად მაშინ უფრო გადიოდა, როცა ისინი ზრდას ნამდვილად გრძნობდნენ. ამ მოულოდნელმა შედეგმა მკვლევრებს უბიძგა, რომ ორივე მოდელი გადაეფასებინათ.

მათ ორ ახალ ახსნას მიაგნეს. ერთ-ერთს ზრდა-ჩაძირვის მოდელი უწოდეს. ამ მოსაზრების მიხედვით ადამიანებისთვის დრო უფრო სწრაფად მაშინ გადის, როცა ისინი მთელი ყურადღებით არიან ჩართულნი მნიშვნელოვან და გამოწვევებით სავსე აქტივობებში — ეს მათ პიროვნულად ზრდის. შესაძლოა, დროის სწრაფად გასვლის შეგრძნება სწორედ ამ აქტივობებიდან მიღებულმა კმაყოფილებამ გამოიწვია.

მეორე ახსნას კი ზრდა-მონატრების თეორია დაარქვეს. აქ მთავარი აზრი ისაა, რომ ზრდის პერიოდის გახსენებამ შეიძლება ნოსტალგიური მონატრების განცდა გამოიწვიოს. დროის ეს მონაკვეთი შეიძლება განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად და ემოციურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ასევე უფრო წარმავლადაც — ასეთ მომენტებს ადამიანები პიროვნული განვითარების უმაღლეს მწვერვალად აღიქვამენ.

ახალი იდეების შესამოწმებლად მეცნიერებმა გამოიკვლიეს, კმაყოფილებისა და ნოსტალგიის განცდებით აიხსნება თუ არა ზრდასა და დროის აღქმას შორის კავშირი. ორი წინასწარ რეგისტრირებული კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ კმაყოფილებაც და ნოსტალგიაც დროის სწრაფად გასვლის აღქმასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. ამ ფაქტორების სტატისტიკურ მოდელებში ჩართვის შემდეგ კი დროის აღქმაზე ზრდის პირდაპირი გავლენა გაქრა. ეს მიუთითებს, რომ ზრდას შეიძლება დროის აღქმაზე ირიბი გავლენა ჰქონდეს — კმაყოფილების და ნოსტალგიის გაზრდის გზით.

უნდა აღინიშნოს, რომ კვლევები თვითანგარიშსა და კროს-სექციურ მონაცემებზეა აგებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზუსტი მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენა რთულია. ისიც შესაძლებელია, რომ უფრო ნოსტალგიური და ცხოვრებით კმაყოფილი ადამიანებისთვის დრო უფრო სწრაფად გადის, მიუხედავად რეალური მოვლენებისა. საკითხის უფრო ზუსტად გაგების მიზნით სამომავლო კვლევებში შეიძლება ლონგიტუდური ან ექსპერიმენტული მეთოდები გამოიყენონ.

რუტინისა და პიროვნული ზრდის აღქმაზე შეიძლება ასაკი და ცხოვრების სტილიც მოქმედებდეს. რუტინა-შეკუმშვის ეფექტი ასაკოვან, დემოგრაფიულად მრავალფეროვან ჯგუფებში უფრო ვლინდებოდა, ვიდრე ახალგაზრდა სტუდენტებში. ეს იმაზე მიუთითებს, რომ "რუტინის" მნიშვნელობა შეიძლება ასაკთან და სიტუაციასთან ერთად იცვლებოდეს.

მეცნიერებმა ისიც აღნიშნეს, რომ ცდის პირებმა შეიძლება სხვადასხვა ტიპის მოვლენა გაიხსენეს. კვლევა ყოველდღიურ მოვლენებსა და მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მიღწევებს არ ასხვავებდა.

შეგრძნება, რომ დრო "მიფრინავს" აუცილებლად მოწყენილობით ან ფუჭად დაკარგული დროით არ არის გამოწვეული. ეს შეიძლება პიროვნული ზრდით, კმაყოფილების განცდითა და აზრიანი გამოცდილებებით სავსე პერიოდის ამსახველიც იყოს. ნაცვლად იმისა, რომ სწრაფად გასული დროის გვეშინოდეს, უმჯობესია პერსპექტივა შევცვალოთ და ეს ბედნიერი ცხოვრების მტკიცებულებად მივიღოთ.