პრეზიდენტი ზელენსკი მზადაა, სი ძინპინს ესაუბროს - დმიტრო კულება

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს ტელეფონით ესაუბროს.

ამასთან, მისი თქმით, ამჟამად ვერანაირ ნიშანს ვერ ხედავს, რომ რუსეთი ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებისთვის მზად არის. „თუმცა, ნებისმიერი კონფლიქტი მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრდება“, - აღნიშნა კულებამ.

„ჩემი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მიზანია, დარწმუნებული ვიყო, რომ უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან ბრძოლის ველზე გადამწყვეტი წარმატების შემდეგ დაჯდება“, - აღნიშნა კულებამ.

ცნობისათვის, The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავს. გამოცემის ცნობით, საუბარი, სავარაუდოდ, ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ შედგება. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სი ძინპინი რუსეთს 20-22 მარტს ეწვევა.