1733256870
,,მხოლოდ დედა მივარდა, გულში იკრავდა თავის ცივ შვილს, ეფერებოდა, ათბობდა, მაგრამ გვიანი იყო..." - ტრაგედია დიდ დიღომში
დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის ახლობლები და მეზობლები დეტალებზე საუბრობენ.
მომხდარ ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში ლანა ლანჩავა ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
,,საშინელი ღამე იყო წუხელ...
რა დამაძინებდა, რა დამაძინებდა!
1 საათზე განწირული ღრიალი ისმოდა სადარბაზოსთან, დედის, რომელიც თავის 12 წლის სიფრიფანა გოგოს ეძებდა უბანში. ჩემი გოგონების ტოლს.
ჩავედი, მეც მასთან ერთად ვეძებე, სადარბაზოებში, სახურავებზე, სკვერებში და ყველგან, სადაც შეიძლებოდა დამალულიყო და...
ვიპოვეთ, ალუბლების ხის ქვეშ, თითქოს ეძინაო, მშვიდად, სუფთად, მე ახლოს ვერ მივედი, ვერ შევძელი, ვერავინ მიეკარა, მხოლოდ დედა მივარდა, გულში იკრავდა თავის ცივ შვილს, ეფერებოდა, ათბობდა, მაგრამ გვიანი იყო.
არ იციან რა მოხდა, ახლაც მუშაობს პოლიცია.
სახლიდან დეიდაშვილთან ნაჩხუბარი გავიდაო.
ისე იწვა, თითქოს სძინავსო, ლამაზად და სუფთად ჩაცმული", - წერს ლანა ლანჩავა სოციალურ ქსელში.
დიდ დიღომში, 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.
გოგონას ოჯახი, პოლიცია და ადგილობრივები მოზარდს საღამოს 23:00 საათიდან ეძებდნენ.
რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან, უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.