1747174002
პარლამენტმა უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით, ერთხმად მხარი დაუჭირა.
საკითხი პლენარულ სხდომაზე განსახილველად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ წარადგინა.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას გულისხმობს.
კანონპროექტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფოენოვან ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სავალდებულო იქნება ქართული ენის (ორსემესტრიანი) სპეციალური კურსის გავლა.
„ეს არის მორიგი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული ენის ცნობიერების ამაღლების და მაღალ დონეზე სწავლების მიზანმიმართულობის თვალსაზრისით“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ქართული ენის სავალდებულო სწავლება მომავალი აკადემიური სასწავლო წლიდან, 2025 წლის სექტემბრიდან დაიწყება.