პოლონეთის პრეზიდენტი: ქვეყნის კონსტიტუციური სახელმწიფო ორგანო ძალის გამოყენებით ხელში ჩაიგდეს, გამოვდივარ სამართლებრივი წესრიგის აღდგენის მოწოდებით

კაროლ ნავროცკი

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სამართლებრივი წესრიგის აღდგენის ინიციატივით გამოდის და მთავრობის მიერ საკონსტიტუციო ტრიბუნალთან გაგზავნილ ძალებს შენობის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კაროლ ნავროცკის თქმით, შიდა უსაფრთხოების საფრთხის გათვალისწინებით, საპარლამენტო ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდება.

"კონსულტაციები გავმართე უზენაესი სასამართლოს პირველ თავმჯდომარესთან, ზბიგნევ კაპინსკისთან, რომელიც ასევე არ ცნობს კანონიერად საკონსტიტუციო ტრიბუნალში ძალაუფლების უზურპაციის მსურველი პირების ქმედებებს. მე გამოვდივარ სამართლებრივი წესრიგის აღდგენასა და მთავრობის მიერ იქ გაგზავნილი ძალების ტრიბუნალის შენობის დატოვების მოწოდებით. მე ხელი შევუწყვე საკონსტიტუციო ტრიბუნალში კანონიერად მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის, მოსამართლე ბარტლომეი სოჩანსკის შესვლას.

პოლონეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოების საფრთხის გათვალისწინებით, დღეს ვიწვევ საპარლამენტო ჯგუფების წარმომადგენლებთან სასწრაფო კონსულტაციებს, რაც მიზნად ისახავს პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციას და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საკონსტიტუციო ტრიბუნალში იმყოფება და პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დაცვას ცდილობს", - აღნიშნულია ნათქვამია ნავროცკის განცხადებაში.

ცნობისთვის, პოლონეთში პოლიტიკური დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც სასამართლოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან პოლიციაა მობილიზებული. ოპოზიცია დონალდ ტუსკის ხელისუფლებას სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეშ ჩარევასა და კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბეატა შიდლო აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ტრიბუნალის შენობა ძალის გამოყენებით დაიკავეს და მის ხელმძღვანელობას შენობაში შესვლის შესაძლებლობა შეუზღუდეს.

დაპირისპირების ცენტრში მმართველი უმრავლესობის მიერ არჩეული ხუთი მოსამართლეცაა, რომლებსაც ქვეყნის პრეზიდენტის წინაშე ფიცი არ დაუდიათ. ოპოზიცია მათი უფლებამოსილების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს.

სასამართლოსთან განვითარებული მოვლენების შესახებ ბრალდებებს პოლიცია უარყოფს და განმარტავს, რომ მხოლოდ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ხელისუფლება კი გადაწყვეტილებას სასამართლოს მუშაობის აღდგენის აუცილებლობით ხსნის.

✕