„პოლიტიკოს“ ცნობით, მაკრონი და მერცი პუტინთან კომუნიკაციის საკითხზე ევროკავშირს დაუპირისპირდნენ

მაკრონი და მერცი

გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ეწინააღმდეგებიან ევროკავშირის მცდელობას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კომუნიკაცია დაიწყოს. „პოლიტიკოს“ ცნობით, ამ საკითხზე ევროპის ორი უმსხვილესი ქვეყნის ლიდერები ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებსაც დაუპირისპირდნენ.

ბრიუსელში გვიან ღამით გამართულ სამიტზე მაკრონმა და მერცმა გააკრიტიკეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას მცდელობა, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს სახელით კრემლთან საკომუნიკაციო არხები დაემყარებინა. ამის შესახებ „პოლიტიკოს“ ხუთმა ევროპელმა დიპლომატმა და მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომლებიც დახურული შეხვედრის დეტალებს იცნობენ.

მედიის ცნობით, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ლიდერების ნაწილმა კოშტას მხარი დაუჭირა.

გამოცემის შეფასებით, ეს დაპირისპირება ნათლად აჩვენებს ევროკავშირის შიგნით არსებულ მზარდ უთანხმოებას რუსეთის მიმართ მიდგომასა და იმ საკითხზე, თუ ვინ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები ევროპის სახელით.

რუსეთის მიმართ განსაკუთრებით მკაცრი პოზიციის მქონე ქვეყნების ლიდერებმა, მათ შორის დანიისა და ნიდერლანდების წარმომადგენლებმა, მაკრონისა და მერცის პოზიციას დაუჭირეს მხარი. ზოგიერთი მათგანი კი კოშტას მიმართ უპრეცედენტო გაღიზიანებასაც გამოხატავდა.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კრისტენ მიხალის თქმით, „ევროკავშირმა ამ მოლაპარაკებებში შუამავლის როლი არ უნდა იკისროს“.

„მოსაზრება, რომ საჭიროა ალტერნატიული არხები ან საიდუმლო დიპლომატიური გზები, მცდარია. ისტორია გვაძლევს მკაფიო გაფრთხილებას, რა შედეგები მოაქვს დიქტატორებთან ალტერნატიული მოლაპარაკებების ფორმატებს“, – განაცხადა მიხალმა.

ცნობისთვის, ევროკავშირი, უკვე რამდენიმე თვეა, მსჯელობს, უნდა ჰქონდეს თუ არა პუტინთან პირდაპირი კომუნიკაცია და ვინ უნდა იყოს ამ დიალოგის მთავარი წარმომადგენელი.