1781814041
ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა რუსული დრონებისთვის განკუთვნილი რეტრანსლატორების მოსახსნელად - „წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას ჩვენ გავაკეთებთ“
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბელარუსის ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს აქვს ერთი კვირა იმისათვის, რომ მოხსნას რეტრანსლატორები, რომლებიც რუსული დრონების სამიზნეებს აზუსტებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას უკრაინა გააკეთებს.
„როდესაც ბატონი ლუკაშენკო ამბობს, რომ არ სურს ომში ჩართვა, ის გულწრფელი უნდა იყოს, სულ მცირე, საკუთარი ხალხის წინაშე, რადგან საქმე ეხება არა მხოლოდ მის ჩათრევას ომში, არამედ მთელი ქვეყნის რუსეთის მიერ ჩათრევას: ომის პირველივე დღეებიდან ისინი კლავდნენ ბავშვებსა და მოზრდილებს - რაკეტები დაფრინავდნენ ბელარუსიდან, მისი ქვეყნიდან. მაშინაც ის რეკავდა, იხდიდა ბოდიშს და ამბობდა, რომ ამას არ აკონტროლებდა, რომ რუსეთი თავის ტერიტორიაზე მოქმედებდა. რა თქმა უნდა, მე ამის არ მჯერა, მაგრამ მან ამის შესახებ უკვე ისაუბრა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
„ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისი იქნება მისთვის, რომ ეს გააკეთოს. რატომ ვამბობ „ერთ კვირას“? იმიტომ, რომ ახლა ყოველდღიურად ამის გამო იღუპებიან ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები, დაშავებულნი არიან ბავშვები. თუ ის ამას არ გააკეთებს, ჩვენ გავაკეთებთ“, - დასძინა მან.










