1781814041
სკანდალი, რომელიც UFC-ის ბრძოლის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი - დაკავებულია 5 პირი
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ხუთ მამაკაცს ბრალი წარედგინა თავდასხმის დაგეგმვაში რომლის მიზანიც გასულ კვირას თეთრ სახლში გამართული Ultimate Fighting Championship-ის (UFC) Freedom 250 ღონისძიებაზე მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვა დამსწრე პირების მკვლელობა იყო.
გამოძიებაში ჩართულია FBI, რომელთა ცნობით დაკავებული პირები, იარაღს აგროვებდნენ და თავდასხმის გეგმას ამუშავებდნენ.
დაკავებები შაბათ-კვირას ოჰაიოში, მისურიში, ნებრასკასა და კალიფორნიაში განხორციელდა.
მიმდინარე სკანდალურ საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება.
„FBI-მ, ჩვენმა სამართალდამცავმა პარტნიორებმა და ფედერალურმა პროკურორებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სწრაფი რეაგირებითა და სიფხიზლით შეუძლიათ ამერიკის უსაფრთხოების დაცვა. მათ შეძლეს თავდასხმის გეგმის გამოვლენა, ჩაშლა და განადგურება მანამდე, სანამ იგი განხორციელდებოდა,“ – განაცხადა აშშ-ის მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა ტოდ ბლანშმა.
FBI-ის დირექტორის, კაშ პატელის თქმით, 10 ივნისს სამართალდამცავებმა მიიღეს ინფორმაცია პოტენციური საფრთხის შესახებ, რომელიც ვაშინგტონში დაგეგმილ UFC Freedom 250-ის ღონისძიებას ემუქრებოდა.
„FBI-ის, ჩვენი პარტნიორებისა და იუსტიციის დეპარტამენტის მრავალშტატიანი ოპერაციის შედეგად, რამდენიმე პირი უკვე დაკავებულია და სავარაუდო თავდასხმის გეგმა სრულად აღიკვეთა. ჩვენი გუნდი სწორედ ამისთვის არსებობს - რათა აღმოაჩინოს, აღკვეთოს და მართლმსაჯულების წინაშე წარადგინოს ისინი, ვინც ამერიკის მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის,“ – აღნიშნა პატელმა.










