ოლიმპიურმა მოძრაობამ ომების შეჩერებას უნდა შეუწყოს ხელი და არა აგრესორების სასარგებლოდ იმოქმედოს - ზელენსკი

ზელენსკი

სპორტი ამნეზიას არ უნდა ნიშნავდეს, ოლიმპიურმა მოძრაობამ ომების შეჩერებას უნდა შეუწყოს ხელი და არა აგრესორების სასარგებლოდ იმოქმედოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება უკრაინელი სკელეტონ მრბოლელის, ვლადისლავ ჰერასკევიჩის ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან დისკვალიფიცირების შესახებ საპირისპიროს ამტკიცებს.

„ეს ნამდვილად არ ეხება ოლიმპიადის პრინციპებს, რომელიც სამართლიანობასა და მშვიდობის მხარდაჭერაზეა დაფუძნებული. მადლობას ვუხდი ჩვენს სპორტსმენს მკაფიო პოზიციისთვის. მისი ჩაფხუტი, რომელზეც დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების პორტრეტებია გამოსახული, პატივისცემისა და ხსოვნის სიმბოლოა. ეს მთელი მსოფლიოსთვის იმის შეხსენებაა, თუ რა არის რუსული აგრესია და რა ფასად დაუჯდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ამ შემთხვევაში არც ერთი წესი არ დარღვეულა. რუსეთი არის ის, ვინც ოლიმპიურ პრინციპებს მუდმივად არღვევს, ოლიმპიური თამაშების პერიოდის ომის წარმოებისთვის გამოყენებით. 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ომი, 2014 წელს ყირიმის ოკუპაცია, 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა. ახლაც 2026 წელს, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსეთი სრულ უგულებელყოფას იჩენს, ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მოსახლეობის წინააღმდეგ სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების რაოდენობის ზრდით. სრულმასშტაბიანი შემოჭრიდან დღემდე რუსეთის მიერ 660 უკრაინელი სპორტსმენი და მწვრთნელია მოკლული. ჩვენი ასობით სპორტსმენი ვეღარასდროს შეძლებს ოლიმპიურ თამაშებში ან სხვა საერთაშორისო შეჯიბრებში მონაწილეობის მიღებას. მიუხედავად ამისა, იტალიაში ოლიმპიურ თამაშებში ამჟამად 13 რუსი მონაწილეობს. ისინი თამაშებზე „ნეიტრალური“ დროშების ქვეშ ასპარეზობენ, რეალურ ცხოვრებაში კი საჯაროდ უჭერენ მხარს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. სწორედ ისინი იმსახურებენ დისკვალიფიკაციას. ჩვენ ვლადისლავით ვამაყობთ და იმით, რაც მან გააკეთა. გამბედაობა ნებისმიერ მედალზე ძვირფასია“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე.

ცნობისთვის, რუსეთთან კონფლიქტის დროს დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების გამოსახულებიანი ჩაფხუტის გამოყენების გამო უკრაინელი სკელეტონ მრბოლელი, ვლადისლავ ჰერასკევიჩი ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან დისკვალიფიცირებულია. მედიის ინფორმაციით, დისკვალიფიკაციის თაობაზე სპორტსმენს დილით ადრე, საციგურაო ობიექტზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, კირსტი კოვენტრისთან შეხვედრის შემდეგ აცნობეს. ვლადისლავ ჰერასკევიჩის გუნდმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სპორტის არბიტრაჟის სასამართლოში გაასაჩივრებენ.