1733256870
ნეიროქირურგების თქმით, 2 წელიწადში ტვინის ოპერაციებს ხელოვნური ინტელექტი ჩაატარებს
დიდი ბრიტანეთის წამყვანმა ნეიროქირურგმა განაცხადა, რომ 2 წელიწადში ტვინის ოპერაციას ხელოვნური ინტელექტი ჩაატარებს. მისი თქმით, ეს ოპერაციებს ბევრად უფრო უსაფრთხოსა და ეფექტურს გახდის. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
"რამდენიმე წელიწადში გვექნება ხელოვნური ინტელექტის სისტემა, რომელსაც იმაზე მეტი ოპერაცია ექნება ნანახი, ვიდრე ამას რომელიმე ადამიანი შეძლებს", — განუცხადა ჰანი მარკუსმა BBC-ს.
დოქტორი მარკუსი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) საპატიო პროფესორია. UCL-ის მკვლევრები სპეციალურ AI ტექნოლოგიაზე მუშაობენ, რომელიც ტვინში პაწაწინა სიმსივნეებს გამოავლენს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა პროექტს 15 მილიონი დოლარით აფინანსებს. ექსპერტების თქმით, ეს ტექნოლოგია "თამაშის წესებს შეცვლის".
ხელოვნურმა ინტელექტმა 10 თვის განმავლობაში 200-ზე მეტი ვიდეო გააანალიზა. ვიდეოებში ტვინის ცენტრში მცირე ზომის ჯირკვლებია ნაჩვენები. ეს ხელოვნურ ინტელექტს ისეთ გამოცდილებას აძლევს, რომლის მისაღებადაც ქირურგს 10 წელი დასჭირდებოდა.
დაფინანსება
UCL ერთ-ერთია იმ 22 უნივერსიტეტიდან, რომელსაც მთავრობის დაფინანსება გადაეცა. როგორც მკვლევრები ამბობენ, ეს ყველაფერი ბრიტანეთში ჯანდაცვაში რევოლუციის მოსახდენად ხდება.
მკვლევრების თქმით, UCL-ში შემუშავებულ ტექნოლოგიას მინიმუმამდე დაჰყავს ნებისმიერი ანომალია, რომელიც ოპერაციის შემდეგ შეიძლება განვითარდეს.
მიღწევები AI სამედიცინო ტექნოლოგიაში
მკვლევრები ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის ტვინის დაკავშირებას უკვე წლებია ცდილობენ. ამისთვის სპეციალური ჩიპები მუშავდება, რომელიც პაციენტებს ნევროლოგიური დაავადებების დამარცხებაში დაეხმარება. ამასთან, ხელოვნურ ინტელექტს ოპერაციების ჩასატარებლადაც იყენებენ.
ზაფხულში ისიც დაიწერა, რომ ტვინის იმპლანტმა პარალიზებულ ადამიანს შეგრძნებებისა და მოძრაობის უნარი აღუდგინა. ფეინშტაინის სამედიცინო კვლევის ინსტიტუტის მეცნიერებმა კვადრიპლეგიით (ოთხივე კიდურისა და ტანის დამბლა) დაავადებულ ადამიანს შეგრძნებებისა და მოძრაობის უნარი აღუდგინეს. საუბარია კავშირზე, რომელიც ტვინს, კიდეურებსა და ზურგის ტვინს შორისაა.
მეცნიერებმა იმპლანტი პაციენტის ტვინში მოათავსეს. იმპლანტი მოიცავს ხუთ მიკროჩიპს და იყენებს AI სისტემას პაციენტის აზრების ქმედებად გარდაქმნისთვის. ტვინის იმპლანტმა პაციენტს სხეულის გამოძრავების საშუალება მისცა.
და აი ახლა, როგორც ჩანს, ხელოვნური ინტელექტი ტვინის ოპერაციების ჩასატარებლადაც ემზადება.
ასევე ნახეთ:
„ამას არ ველოდი“ - რა მოხდა „პრაიმ ჰაუსის“ ლაივის დროს, რომელსაც სალომე უშხვანიც ესწრებოდა
VIDEO: „გულო, დაკავებულო...“ - ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასთან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს